ფასიანი ავტოსადგომი 18-მეტრიანი ავტობუსებისთვის - კერძო სადგომზე მისულ "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ
ბულაჩაურის სოფელთან დაპარკინგებული მილიონიანი ავტობუსები - კახი კალაძე ახალ სკანდალში ეხვევა. მერიამ 259 მილიონი ლარის ღირებულების ავტობუსები იყიდა, ჩამოიყვანა, თუმცა აღმოჩნდა, რომ მათ გასაჩერებლად თბილისში ინფრასტრუქტურა არ არსებობს.
ამჟამად 18-მეტრიანი ავტობუსები რამდენიმე კვირაა კერძო ავტოსადგომზე დგანან და არავინ იცის, როდემდე გაჩერდება, რადგან მათი დასაპარკინგებელი ბაზის მშენებლობა მხოლოდ ახლა დაიწყო.
არადა მერი აანონსებდა, რომ დეკემბრის ბოლოს მოქალაქეები ამ ტრანსპორტით სარგებლობას შეძლებდნენ, თუმცა კალაძის ეს დაპირებაც ფარსი აღმოჩნდა.
ამ თემაზე კითხვების დასმა კი "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს ლამის ფიზიკური ანგარიშსწორების ფასად დაუჯდა. კერძო ავტოპარკინგზე ჟურნალისტების მისვლამ უსაფრთხოების სამსახური ისე გააბრაზა, რომ მათზე თავდასხმა სცადა.
დაცვის თანამშრომელი ცდილობდა, რომ ფიზიკურად გასწორებოდა "ტვ პირველის" ოპერატორს ნუკრი ქაფიაშვილს და დაეზიანებინა ტელევიზიის ტექნიკა.