16 წლამდე მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულს ბრალი წარუდგინეს

27.01.24 20:57
16 წლამდე მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულს ბრალი წარუდგინეს

გაუპატიურების, გარყვნილი ქმედების და მუქარის ფაქტზე 51 წლის კაცს ბრალდება წარუდგინეს - საუბარია, ხაშურში 16 წლამდე მოზარდის სავარაუდო გაუპატიურების საქმეზე. 

უწყების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 16 წელს მიუღწეველი მოზარდი გააუპატიურა, მასზე ფიზიკურად იძალადა და დანის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 25 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ (გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ), 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (მუქარა, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) და 141-ე მუხლის პირველი ნაწილით (გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს" - ნათქვამია საგამოძიებო უწყების განცხადებაში. 

"პირველების" ინფორმაციით, სექსუალურ ძალადობის ბრალდებით დაკავებული პირი გამოძიებასთან თანამშრომლობს.

"პირველებმა"  გაარკვია, რომ გამოკითხულია სექსუალური ძალადობის  სავარაუდო მსხვერპლი მოზარდი. მან პოლიციას ვრცელი ჩვენებაც მისცა, სადაც მოზარდი ჰყვება, როგორ გახდა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი მისი თანასოფლელი 51 წლის მამაკაცის მხრიდან.

მისივე ჩვენებით დგინდება, რომ 51 წლის მამაკაცმა 16 წლის მოზარდთან კავშირი დაამყარა სოციალური ქსელის მეშვეობით, მისი ნდობა მოიპოვა და რამდენჯერმე დაითანხმა შეხვედრაზე.

წყარო პირველებს უყვება, რომ საქმეში დევს ჩანაწერებიც.