თავდასხმა სამართალდამცველებზე - 13 დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა

27.06.21 11:18
თავდასხმა სამართალდამცველებზე - 13 დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა

ამ წუთებში პოლიციელების თავდასხმის ფაქტზე დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე ოზურგეთის სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს. ადგილზე პოლიციის უპრეცედენტო რაოდენობაა მობილიზებული.

პროკურატურამ 13 დაკავებულს ბრალი დაუმძიმა და მუხლი გადააკვალიფიცირა, 353-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილს ედავება, რაც  ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმებიან.

მოსამართლე ია სურგულაძემ უნდა გადაწყვიტოს, დატოვებს თუ არა პატიმრობაში პირებს, რომელთა ადვოკატები უკვე საუბრობენ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე.
დაკავებული შოთა ლოლაძის ადვოკატის, გიორგი სურმანიძის, თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ პოლიციის მხრიდან წამებას და არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი. მისი თქმით,  ცუდად მყოფ ადამიანს წყალიც არ მიაწოდეს, რაც მისმა ძმებმაც დაინახეს, რასაც ბუნებრივია, მათი მხრიდან შეპასუხება მოჰყვა.


ამ საქმეზე უკვე მიმართეს სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს და სახალხო დამცველს.

გურიის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, ბესო ბოლქვაძე, ამბობს, რომ ბრალდებულების დანაშაულს მარტივად დაამტკიცებენ.
ბოლქვაძეს არ აქვს კითხვაზე პასუხი, როგორ მოახერხეს ადამიანებმა პოლიციაში შეჭრა და შენობიდან დაკავებული პირის გამოყვანა. ბოლქვაძეს ასევე არ აქვს პასუხი კითხვაზე, როგორ უნდა იგრძნონ ადამიანებმა თავი დაცულად, როცა ირკვევა, რომ პოლიციაც დაუცველია და დაპატიმრებული ადამიანის გამოყვანაც კი შეუძლია ჩვეულებრივ ადამიანს.

დაკავებულებს 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.