საბერძნეთის ციხეში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

27.06.21 15:29
საბერძნეთის ციხეში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

საბერძნეთის ციხეში საქართველოს მოქალაქე, ალექსანდრე ბანძელაძე, მოკლეს. შემთხვევა კუნძულ კრეტაზე, ქალაქ ხანიაში, მოხდა.

მომხდარზე ბერძნული მედია წერს, რომ მკვლელობას წინ საქართველოს 2 მოქალაქეს შორის  შელაპარაკება უძღოდა. ერთ-ერთი პატიმარი დაპირისპირების დროს  დანით მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. ჭრილობები ბანძელაძეს სავარაუდოდ,  დავით მურტინელმა მიაყენა.

მომხდარს საბერძნეთში საქართველოს საელჩო სპეციალური განცხადებით ეხმაურება.

"აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე საბერძნეთში საქართველოს საელჩოს კონსული ესაუბრა ქალაქ ხანიის ციხის ადმინისტრაციის უფროსს, რომელმაც პირად საუბარში დაუდასტურა ზემოაღნიშნული ფაქტი. ასევე, განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ უკვე ინფორმირებულია მისი ოჯახი. საელჩო გამოთქვამს ღრმა მწუხარებას საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მისი ოჯახის წევრებს. საქართველოს საელჩო მუდმივ კომუნიკაციაშია ქალაქ ხანიის ციხის ადმინისტრაციასთან და მზადაა, კომპეტენციის ფარგლებში აღმოუჩინოს ყველანაირი დახმარება გარდაცვლილის ოჯახს",- წერია  განცხადებაში.