სისხლიანი დაპირისპირება ბაგებში და ერთი დაჭრილი - რა მოხდა თბილისის ცენტრში?
ბაგებში დაჭრილი საბაგიროს თანამშრომელი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. ის გვიან ღამით დანით დაჭრეს. დაჭრას წინ დაპირისპირება უძღოდა. დაცვის წევრს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეები გაუსწორდნენ.
შელაპარაკება მამაკაცებს შორის რიგის გამო დაიწყო. ნასვამი თავდამსხმელები საბაგიროთი სარგებლობას ურიგოდ ითხოვდნენ. დაკავებულია ორი თავდამსხმელი, ერთს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, მეორეს კი დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან.
თვითმხილველები მომხდარის შესახებ არ საუბრობენ და ამბობენ, რომ ამაზე პოლიცია თავად ისაუბრებს.
გამოკითხვები ვაკის პოლიციაში გვიანობამდე მიმდინარეობდა. სამართალდამცველებმა გამოკითხეს საბაგიროს თანამშრომლები. თვითმხილველები ჰყვებიან, რომ თავდამსხმელი ორი ახალგაზრდა იყო, აქედან ერთ-ერთი განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა. დაცვასთან სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ ახალგაზრდამ დანა ამოიღო და შუახნის კაცს მუცელში ჩაარტყა. დაშავებულს გადაუდებელი ოპერაცია წუხელ ხეჩინაშვილის კლინიკაში ჩაუტარეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.