ვიზიტი მოსკოვში - სეს-ის უფროსის მივლინებები 54 202 ლარი დაჯდა

28.06.21 12:14
ვიზიტი მოსკოვში - სეს-ის უფროსის მივლინებები 54 202 ლარი დაჯდა

 სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი, 2019 წელს 11-ჯერ იმყოფებოდა მივლინებაში, ჯამში 63 დღე, რაც სააგენტოს 54 202 ლარი დაუჯდა. ინფორმაციას ამის შესახებ IDFI ავრცელებს.  ანგარიშის მიხედვით, სააგენტოს უფროსი  4 დღიანი მივლინებით  მოსკოვშიც იმყოფებოდა, თუმცა უცნობია, რა მიზნით. 

 IDFI ფაქტების შესასწავლად აუდიტის სამსახურს მოუწოდებს, მეტი დრო დაუთმოს ბიუროკრატიული ხარჯების შესწავლას. 

 IDFI მიიჩნევს, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს ისეთი უწყებების ბიუროკრატიული ხარჯების (მათ შორის წარმომადგენლობითი ხარჯების) მონიტორინგს, რომლებიც გამოირჩევიან გაუმჭვირვალობით, მათ შორის, წინამდებარე კვლევაში დასახელებული ის უწყებები, რომლებიც არ გასცემენ სრულყოფილ ინფორმაციას.

ამასთან, მძიმე ეკონომიკური პირობების ფონზე მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს მხრიდან მოხდეს ბიუროკრატიული ხარჯების მაქსიმალურად შემცირება და ოპტიმიზაცია, ასეთ ხარჯებს განეკუთვნება სამივლინებო და წარმომადგენლობითი ხარჯებიც. კერძოდ, გასული წლის მანძილზე ქვეყნის მიერ მიღებული ეკონომიკური ზიანის მასშტაბიდან გამომდინარე, მოქმედი შეზღუდვების გაუქმების და შემსუბუქების პარალელურად,  პოსტ-პანდემიურ პერიოდში მიზანშეწონილი იქნება წარმომადგენლობითი და სამივლინებო ხარჯების მინიმალურ ნიშნულზე შენარჩუნება", - აღნიშნულია IDFI-ის ანგარიშში.