ვფიქრობ, ბავშვებზე მაინც მიმდინარეობს გარკვეული ზეწოლა - ლომჯარია ნინოწმინდაშია

28.06.21 14:04
ვფიქრობ, ბავშვებზე მაინც მიმდინარეობს გარკვეული ზეწოლა - ლომჯარია ნინოწმინდაშია

სახალხო დამცველისთვის ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის კარი გაიღო - ომბუდსმენის თქმით, მასთან ერთად იმყოფებიან აპარატის თანამშრომლები, ფსიქოლოგი და ბავშვთა უფლებების სპეციალისტები. 

ნინო ლომჯარია აცხადებს,  რომ ბენეფიციართა მხრიდან სურვილის გამოხატვის შემთხვევაში მათთან გასაუბრება მოხდება. 

მართალია აღმზრდელთა ნაწილმა, რომლებზეც ბავშვები გარკვეული ძალადობის შესახებ მიუთითებდნენ, პანსიონი დატოვა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამ კედლებში ბავშვები თავისუფლად ვერ გამოხატავენ საკუთარ ნებას, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ბავშვები გადაყვანილ უნდა იქნან ალტერნატიულ ზრუნვაში, რადგან ვფიქრობ, რომ მაინც მიმდინარეობს მათ მიმართ გარკვეული ზეწოლა იმ აღმზრდელების პირობებში, რომლებიც წლებია, მათ გვერდით ცხოვრობენ, რომლებსაც არ უნდათ, რომ ბავშვებმა დატოვონ ეს კედლები, ამიტომ მათთან გასაუბრება მნიშვნელოვანია -  აცხადებს ნინო ლომჯარია.

სახალხო დამცველმა პანსიონში შესვლამდე განაცხადა, რომ შესაძლოა, ბავშვებმა თავისუფლად გასაუბრება ვერ შეძლონ, ამიტომაც გაჩნდა ბავშვთა ფსიქოლოგის საჭიროება.

მაქვს მოლოდინი, რომ ბავშვებმა თავისუფლად გასაუბრება ვერ შეძლონ, თუ ამის საჭიროებას დავინახავთ, განმეორებით გავესაუბრებით, ვფიქრობ, ფსიქოლოგები და სპეციალისტები ისედაც დაინახავენ, რეალურად რა მდგომარეობაშია  - ამბობს ომბუდსმენი.

ნინო ლომჯარია ამბობს, რომ ბავშვების დატოვება იმ აღმზრდელებთან, რომლებიც ძალადობრივი გარემოს ნაწილი იყვნენ, დაუშვებელია, ამიტომაც აუცილებელია ბენეფიციართა სხვა ალტერნატიულ რეჟიმში გადაყვანა.

ვიცი, რომ პანსიონი დახურვის რეჟიმშია, ჩემი რეკომენდაციაა ყველა ბავშვის ალტერნატიულ რეჟიმში გადაყვანა. ამ პირობებში, იმ აღმზრდელებში, რომლებიც ბავშვებთან ცხოვრობენ, რომლებიც იმ ძალადობრივი გარემოს ნაწილი იყვნენ, ვფიქრობ, რომ არ არის ბავშვის საუკეთესო ინტერესი, ამიტომ შეიძლება, ახლა ძალიან ბევრი შენიშვნა გვქონდეს, ამიტომ პირველ რიგში, ამ ბავშვებზე არის საფიქრალი - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ამ წუთებში სახალხო დამცველი პანსიონის ახალ ხელმძღვანელთან, მეუფე იაკობთან, ერთად თავშესაფარში შევიდა.