ახალი ხელმძღვანელობის მხრიდან გვაქვს სრული მხარდაჭერა - ნინო ლომჯარია პანსიონზე

28.06.21 18:27
ახალი ხელმძღვანელობის მხრიდან გვაქვს სრული მხარდაჭერა - ნინო ლომჯარია პანსიონზე

სახალხო დამცველის პირველი ვიზიტი ნინოწმინდის პანსიონში გარკვეული შედეგით დასრულდა. როგორც ნინო ლომჯარიამ განაცხადა, შეხვედრის დროს ბავშვებსა და ომბუდსმენს შორის ნდობის ელემენტი გაჩნდა. სახალხო დამცველი ბენეფიციართა ნახევარს გაესაუბრა და წარმოდგენა შეექმნა, რა არის მომავალსი გასაკეთებელი.

2018 წლის შემდგომ არის პირველი ვიზიტი და პირველი შესაძლებლობა, რომ ინდივიდუალურად გავცნობოდი ბავშვებს. ეს იყო უფრო გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, რადგან მათ დიდი ხანია, არ ვუნახივართ, და შესაძლოა, ბევრი რამ კარგი არ სმენია ჩვენს შესახებ. ამიტომ მნიშვნელოვანი იყო ნდობის ელემენტის შემოტანა ჩვენს ურთიერთობაში. 

დავათვალიერეთ ინფრასტრუქტურა, ვესაუბრეთ სოციალურ მუშაკებს. ასევე შევხდით ბავშვთა ნახევარს. წარმოდგენა შეგვექმნა, რა არის გასაკეთებელი, დამატებით ვიზიტებს ვგეგმავთ. 

მოგვეცა შესაძლებლობა, ინდივიდუალურად, დამსწრეების გარეშე გავსაუბრებოდით ბავშვებს. პირველი შეხვედრისთვის ეს კარგი იყო, მაგრამ ნდობა ასე მარტივად არ ჩნდება. იმედი მაქვს, შემდგომი ვიზიტები ამ ნდობას უფრო გააღრმავებს და ბავშვებთან უფრო მეტ თემაზე შევძლებთ საუბარს. 

ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ პანსიონის ხელმძღვანელობისგან სრული მხარდაჭერა გააჩნია, რაც წარმატების საფუძველი გახდება.

მონიტორინგი ბავშვებთან არ ტარდება ჟურნალისტების და საჯარო პირების თანდასწრებით. ამიტომ ჩვენი მომავალი ვიზიტები იქნება ნაკლებად საჯარო. 

ახალი ხელმძღვანელობის მხრიდან გვაქვს სრული მხარდაჭერა. ჩვენი საქმიანობის მიმართ არიან განწყობილი ღიაობისკენ, რეკომენდაციების გაზიარებისკენ. საბოლოო ჯამში ჩვენ მივაღწევთ  სრულ ურთიერთთანხმობას - განაცხადა ტვ პირველთან საუბარში ნინო ლომჯარიამ.

მსგავსი სიახლეები