ეს საუკუნის ძარცვაა, 1.5 მილიარდს ითხოვს - ღარიბაშვილი ხაზარაძეზე

28.06.21 19:17
ეს საუკუნის ძარცვაა, 1.5 მილიარდს ითხოვს - ღარიბაშვილი ხაზარაძეზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი "ლელოს" ლიდერების წინააღმდეგ - ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მამუკა ხაზარაძე "საუკუნის ძარცვაში დაადანაშაულა"

ღარიბაშვილმა ანაკლიის პორტზე საუბრისას თქვა, რომ სინამდვილეში ხაზარაძეს პროექტის განსახორციელებლად არაფერი გაუკეთებია.

მისივე თქმით, ხაზარაძე ახლა ქვეყანას საერთაშორისო არბიტრაჟში უჩივის და მილიარდ 500 მილიონ დოლარს ითხოვს.

ბატონმა ივანიშვილმა 3 მლრდ დოლარი დახარჯა საკუთარი ჯიბიდან ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის. შედარებისთვის ბატონმა ხაზარაძემ ანაკლიის პროექტისთვის, რომელსაც ის უწოდებს საუკუნის პროექტს, დახარჯა 3 მილიონი დოლარი.

დღეს ბატონი ხაზარაძე და მისი ჯგუფი წასულია უცხოეთის სასამართლოში და ქვეყანას უჩივის, ითხოვს მილიარდ 500 მილიონ დოლარს, რომ ჩვენს ხალხს წაგლიჯოს ეს თანხა.

თქვენეული ხედვა, რომ ეს არ არის საუკუნის პროექტი, ეს არის საუკუნის ძარცვის პროექტი"- განაცხადა ღარიბაშვილმა. 

მისივე მტკიცებით, მთავრობამ პროექტის განხორციელებისთვის ყველაფერი გააკეთა:

მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, დაწყებული ბატონი ივანიშვილის დროს, შემდეგ ჩემი პრემიერობის დროს, შემდეგ სხვა პრემიერების დროს, ამ პროექტს ჰქონდა სრული მხარდაჭერა, მთავრობამ დახარჯა 60 მილიონი ლარი, მეორე 300 მილიონი ლარის აღებული ვალდებულება ჰქონდა, შემდეგ 100 მილიონი ჰქონდა ვალდებულების სახით აღებული და 4-ჯერ გადაუვადეს ვალდებულების შესრულება. დღეს რომ ჩახვალთ ანაკლიაში, იქ ქვიშის გორებია, ხალხი ვერ სუნთქავს. დაიწყეს რაღაც სამუშაოები და რეალურად შესრულებულია არაფერი. ამბობენ, რომ დახარჯეს 80 მილიონი, დავუშვათ დახარჯეს, მაინც უჩივიან სახელმწიფოს და ითხოვენ მილიარდ 500 მილიონს ჩვენი გაღარიბებული ქვეყნისგან”,- აცხადებს ღარიბაშვილი.