რუს დიქტატორს მკვლელობისთვის დაკავებული კაცის ალაპარაკების ეშინია - ზელმიხან ხანგოშვილის ოჯახის პასუხი პუტინს
ზელმიხან ხანგოშვილის ოჯახის პასუხი ვლადიმერ პუტინს - გერმანიაში მოკლული კაცის ძმა ფიქრობს, რომ რუსი დიქტატორის უახლესი ინტერვიუ მის წინააღმდეგ აღიარებითი ჩვენება და მთავარი მტკიცებულება გახდა. ზურაბ ხანგოშვილი "პირველებისთვის" მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ პუტინს მკვლელობაში მხილებული კაცის ალაპარაკების ეშინია.
გერმანიის პოლიციამ ვადიმ კრასიკოვი ზელმიხან ხანგოშვილის მკვლელობის ბრალდებით დააკავა, თუმცა მას დღემდე არ უღიარებია, რომ ეთნიკურად ჩეჩენი საქართველოს მოქალაქე რუსეთის დაკვეთით სწორედ მან მოკლა. კრასიკოვს უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი და სასჯელს გერმანიაში იხდის. რუსეთის პრეზიდენტი კი დასავლეთს რუსი პატიმრის გაცვლას "The Wall Street Journal"-ის რეპორტიორში სთავაზობს. ზელიმხან ხანგოშვილი 2019 წელს გერმანიაში მოკლეს, მანამდე ის თბილისში აფეთქებას გადაურჩა, თუმცა ეს საქმე არავის გამოუძიებია.
ხანგოშვილის ძმა ფიქრობს, რომ კრასიკოვი დუმილს მას შემდეგ დაარღვევს, რაც მას რუსული მხარის მხრიდან გარანტიები აღარ ექნება და იმის იმედი, რომ ვადაზე ადრე გაიყვანენ ციხიდან.
როცა 2 წლის წინ ლავროვმა დაიწყო იმის თხოვნა, რომ ის დაბრუნებულიყო რუსეთში, ეგ უკვე გასაგები იყო, რომ მათთვის ეგ მნიშვნელოვანი პიროვნება იყო. მნიშვნელოვანი იყო, რომ აქედან გაეყვანათ, სანამ ალაპარაკდება, სანამ არ იტყვის, ვინ გადასცა იარაღი, ვინ ეხმარებოდა. ჯერჯერობით დუმს ის. აქედან გამომდინარე, შეეცდებიან, რაც შეიძლება მალე გაიყვანონ. მას ეხმარებოდა საელჩო რუსეთის, რომელიმე დიპლომატი. მე ვფიქრობ, რომ ცოტახნით კიდევ რომ იქნება და დარწმუნდება, რომ აქედან ვერ გაიყვანენ აქედან, თავშესაფარს მოითხოვს. შეიძლება იფიქროს, რომ რაც იცის ყველაფერს იტყვის და რაღაც შეღავათი ექნება. მე მგონი, ისინი არწმუნებენ ადვოკატის მეშვეობით, რომ მას აუცილებლად გაიყვანენ, რომ არ ალაპარაკდეს", - ამბობს ზელმიხან ხანგოშვილის ძმა.
თავად ხანგოშვილების ოჯახს რაც შეეხება, ისინი საქართველოდან გახიზნულები არიან, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ ენდობიან, ამბობენ, რომ მათი უფლებები მის ძმაზე თავდასხმის შემდეგ დაცული არ არის და არ დაბრუნდებიან, სანამ "ოცნების" ხელისუფლება არ შეიცვლება, რადგან ზურაბ ხანგოშვილის თქმით, სწორედ ივანიშვილი და მისი ხელისუფლებაა ერთგვარი ხელშემწყობი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, მათ შორის "ეფ ეს ბეს" თანამშრომლების, რომლებიც მოკლული კახის ძმის განცხადებით, საქართველოში დათარეშობენ.
ჩემს ძმაზე თავდასხმა, რომელიც 2015 წელს მოხდა, გამოძიებული არ არის. ამით უკვე დაგვიმტკიცეს, რომ ისინი არ ჩაერთვებოდნენ ამაში. აქედან გამომდინარე 2018 წელს დავტოვე საქართველო. შვედეთში ვიყავი. ჩემი ოჯახის წევრები იყვნენ საქართველოში. პრაქტიკაა ჩვენებს, რომ ჩემი გაჩუმების, ან ჩემთვის რაღაც დარტყმით შეიძლება, ჩემს ოჯახზეც მოხდეს რაიმე ისეთი პროვოკაციული და ვინმე დააკავონ. რაც დრო გადის, რუსეთთან კავშირი უფრო იზრდება. უფრო მეტი ხალხი შემოდის. "ეფ ეს ბეს" თანამშრომლები უფრო მოდიან. რისკი გაზრდილია ახლა, ვიდრე წინათ" - ამბობს ხანგოშვილი.