შშმ პირის გაუპატიურების საქმე - ბრალდებულს 11 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

29.06.21 15:47
შშმ პირის გაუპატიურების საქმე - ბრალდებულს 11 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს


სენაკის რაიონულმა სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2021 წლის 11 მარტს, აბაშის რაიონში, ლ.კ.-მ წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ა.ჩ. გააუპატიურა. 

სამართალდამცველებმა ლ.კ. 11 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება,  წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

სენაკის რაიონულმა სასამართლომ ლ.კ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.