ლევან აკინის ფილმისთვის ფული დახარჯა საქართველოს სახელმწიფომ, სხვა ყველაფერი სიცრუეა - ხელოვნებათმცოდნე

26.02.24 23:52
ლევან აკინის ფილმისთვის ფული დახარჯა საქართველოს სახელმწიფომ, სხვა ყველაფერი სიცრუეა - ხელოვნებათმცოდნე

"ლევან აკინის ფილმისთვის ფული დახარჯა საქართველოს სახელმწიფომ, სხვა ყველაფერი სიცრუეა",- ამის შესახებ სოციალურ ქსელში ხელოვნებათმცოდნე სოფო კილასონია წერს. მისი განმარტებით, ფილმის თანადაფინანსება პროექტმა - "აწარმოე საქართველოშიმ" გამოყო.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ "ხაზარაძეების კულტურის ფონდმა" მხარი, მხოლოდ და მხოლოდ, ე.წ. ალტერნატიულ სტენდს დაუჭირა, რომელიც "ბერლინალეს" კინოფესტივალზე იყო წარმოდგენილი.

სოფო კილასონია წულუკიანის "მმართველობას" შეუმდგარს და უსამართლოს უწოდებს და წერს, რომ იგი კინემატოგრაფების ავტორიტეტს ლახავს, ამიტომ ხელოვანების გარკვეული ნაწილი მასთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს.

1. ლევან აკინის ახალი ფილმისთვის თუ დაიხარჯა "ქართული ფული", ეს დახარჯა საქართველოს სახელმწიფო პროგრამამ "აწარმოე საქართველოში". სხვა ყველაფერი სიცრუეა. კარგ საქმეებს აკეთებს ეს პროგრამა, აშკარად!  

2. ბერლინალეზე 2 სტენდი იყო იმიტომ, რომ წულუკიანის მმართველობამ სრული კრახი განიცადა კინემატოგრაფისტების წინაშე. მასთან და მის კადრებთან თანამშრომლობა ზღუდავს თავისუფლებას და ლახავს ავტორიტეტს. ამიტომაც მასთან თანამშრომლობა ბევრს არ სურს. მაგრამ წულუკიანის გამო საქართველოში არც კინო გაჩერდება და არც ხელოვნების თავისუფლება გახდება უცხო.  კითხვებზე, თუ რატომ იყო ბერლინში 2 სტენდი და ვინ მოქმედებს სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ, კულტურის სამინისტროში უნდა გასცენ პასუხი. 

3. "ხაზარაძეების კულტურის ფონდმა" მხარი დაუჭირა კინოინსტიტუტის ე.წ. ალტერნატიულ სტენდს ბერლინალეზე, იმიტომ რომ კინოინსტიტუტი წარმოადგენს ქართულ კინოს. მეტსაც ვიდრე კინოა. ის წარმოადგენს დღეს თავისუფალი, დამოუკიდებელი და ჯანსაღად პოლიტიკური ქართული კულტურის ავანგარდს. ხაზარაძეების კულტურის ფონდში კი ვმუშაობთ პროფესიონალები, ეროვნული და პროევროპული ღირებულებებით, შესაბამისად ვიცით, ვის უნდა დავუჭიროთ მხარი და რომელი საქმისთვის. 

4. როცა პროპაგანდისტულმა არხებმა ჩემთან ინტერვიუ ჩაწერეს ბერლინალეს სტენდების შესახებ, ვერც ერთმა ვერ გამოიყენა ეს ინტერვიუ საკუთარი სიუჟეტისთვის. 20-20 წუთიანი ინტერვიუებიდან, არც ერთი არ გამოჩენილა ეკრანებზე. ვერ დამამონტაჟეს ისე რომ სიმართლე გამრუდებულიყო. მზად ვარ, ნებისმიერ ეთერში ვილაპარაკო როგორც ამ პროცესზე, ისე ნებისმიერ სხვაზე რომელიც კულტურის და ხელოვნების სფეროს ეხება", - წერს ხელოვნებათმცოდნე სოფო კილასონია.

ცნობისთვის, კომპანია "1991 Production-მა" საგანგებო განცხადება გააკეთა - ორგანიზაცია სიცრუეს უწოდებს მედიის გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ლევან აკინის ახალი ფილმის, "გზაჯვარედინზე" ირგვლივ გავრცელდა.

"1991 Productions" კინოწარმოება არასდროს დაუფინანსებია მამუკა ხაზარაძეს, ან მის მიერ დაფუძნებულ რომელიმე ორგანიზაციას", - წერს კომპანია სოციალურ ქსელში.

მსგავსი სიახლეები