გახდება თუ არა თბილისის პროტესტის ეპიცენტრი - აქტივისტები პუტინის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციის ფორუმს აპროტესტებენ

28.02.24 12:40
გახდება თუ არა თბილისის პროტესტის ეპიცენტრი - აქტივისტები პუტინის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციის ფორუმს აპროტესტებენ

გახდება თუ არა 6-7 მარტს აქციათა ეპიცენტრი თბილისი? - ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ პუტინის გარემოცვის წევრები ტრენინგის ჩასატარებლად ემზადებიან, საზოგადოების პროტესტი უკვე გამოიწვია. 

ანტირუსული პოლიტიკის მქონე ადამიანები არ გამორიცხავენ, რომ "პულმან აქსის თაუერსი", სადაც შეხვედრები გაიმართება, სამოქალაქო საზოგადოების პროტესტმა მოიცვას. ისინი ამბობენ, რომ რუსეთის დიქტატორის მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია 2023 წელს მონაწილეობას იღებდა ფორუმში, რომელიც ოკუპანტი ქვეყნის შეიარაღებაში ინოვაციური ტექნოლოგიების შექმნას ემსახურებოდა.

აქტივისტი ნიკა ფარულავა "პირველებთან" აცხადებს, რომ კრემლთან ახლობლობაში მყოფი პირების თბილისში ჩამოსვლა რუსული პროპაგანდის საქართველოში გავრცელებას ემსახურება, რაც ქვეყნის უსაფრთხოებას რისკების წინაშე დააყენებს.

ინსტიტუტი, რომელიც არის ვლადიმერ პუტინის მიერ დაფინანსებული, მონაწილეობას იღებდა რუსეთის ფორუმ "არმია 2023-ში", რომელიც ემსახურება რუსეთის შეიარაღებაში ინოვაციური ტექნოლოგიების შექმნას. მათ აქვთ ბმა და კავშირი ისეთი ტექნოლოგიების შექმნასთან, როგორიც არის დრონები, ჩიპები, სხვადასხვა ტიპის პროგრამები რუსეთის არმიისთვის, რომელსაც ოკუპირებული აქვს, ერთი მხრივ, საქართველო და მეორე მხრივ, ახლა აქტიურ ომს აწარმოებს უკრაინაში. ამიტომ ამ კონფერენციას აქვს პროპაგანდისტული დანიშნულება და არის საფრთხე ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის", - ამბობს აქტივისტი ნიკა ფარულავა.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები "ქართულ ოცნებას" კრემლის ნარატივის გატარებაში ადანაშაულებენ და აღნიშნავენ, ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება გაემიჯნოს პუტინის სისხლიან პოლიტიკას, მთავრობის წევრები ხელს უწყობენ სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთაში ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლას და თბილისში პროპაგანდისტული ღონისძიების ჩატარებას.

დიდი ხანია უკვე საქართველოს ხელისუფლებას აქვს არგაღიზიანების პოლიტიკა, რომლითაც ფუთავენ, რომ თითქოს, მშვიდობა უნდათ, შეინარჩუნონ და ჩვენ ჩრდილოეთში მყოფი მტერი გააღიზიანონ, რაც ჩვენი ერისთვის შეურაცხმყოფელია, იქიდან გამომდინარე, რომ წლების განმავლობაში ვებრძოდით ოკუპანტებს და ახლა მათ თავი დავუხაროთ და იმის უფლება მივცეთ, რომ ჩამოვიდნენ და აქ პროპაგანდისტული მესიჯები გაავრცელონ, მიუღებელია რადიკალურად. მინიმუმ იმ ზომების მიღება მაინც შეუძლიათ, რომ მსგავსი ორგანიზაციები არ ჩამოდიოდნენ ჩვენს ქვეყანაში და მსგავს პროპაგანდისტულ ტრენინგებს მაინც არ ატარებდნენ", - თქვა აქტივისტმა.

პუტინის გარემოცვის წევრები საქართველოში ჩამოსასვლელად ემზადებიან - რუსეთის პრეზიდენტის დაარსებული ორგანიზაცია მასტერკლასებს თბილისში აანონსებს. ორგანიზაცია "სკოლკოვოს" ფორუმი, რომელიც ხელოვნურ ინტელექტზე სასაუბროდ ქართველ ახალგაზრდებს ეპატიჟება, თბილისში 6-7 მარტს გაიმართება. ღონისძიების პარტნიორები კი რუსი სანქცირებული კომპანიები, მათ შორის, "ვითიბი" და "როს ტელეკომი" არიან.  

ცნობისთვის, "სკოლკოვო" 2010 წელს პუტინის ინიციატივით დაფუძნდა და ეს ორგანიზაცია რამდენიმე მილიონი რუბლითაც დააფინანსა.

მსგავსი სიახლეები