რუსეთის მოქალაქის თბილისის ცენტრიდან გატაცება - ლონდა თოლორაია სუსის პასუხისმგებლობაზე საუბრობს
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ყოფილი უფროსი ლონდა თოლორაია ქვეყნიდა ილკან მელიკოვის გატაცების ფაქტს ეხმიანება და მომხდარში სუსის პასუხისმგებლობაზე საუბრობს. თოლორაიას თქმით, პრობლემაა ისიც, თუ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რუსეთის მოქალაქის გატაცების შესახებ ინფორმირებული არ იყო. მისი თქმით, ის ფაქტი, რომ საზოგადოებას კონკრეტულ კითხვებზე პასუხები არ აქვს, ნდობადასუსტებული ინსტიტუციების ბრალია.
როდესაც ქვეყნის უსაფრთხოებას ეხება საქმე და რომელიღაც პირის ქვეყანაში შემოსვლა ან გასვლა პირდაპირ გადის ქვეყნის უსაფრთხოებაზე, რა თქმა უნდა, ამაზე ინფორმაცია უნდა ჰქონდეს სუსს. თუ არ აქვს, ეს, რა თქმა უნდა, არის პრობლემა. თუ ოფიციალური საზღვრის გვერდის ავლით ხდება ეს ყველაფერი, ესეც, რა თქმა უნდა, არის დიდი პრობლემა. დანაშაული რაც ხდება, მოხდეს და რაზეც ჩვენ პასუხები არ გვაქვს არის ლოგიკური აი, ამ შესუსტებული, ნდობადასუსტებული ინსტიტუტების ფონზე, რომლებმაც უკვე ისე ჩაკეტეს კარი საზოგადოებასთან, რომ მთავარ კითხვებზე ჩვენ პასუხებს ვერ ვიგებთ, - ამბობს ლონდა თოლორაია.
რუსეთიდან გამოქცეული კაცი, თბილისიდან გაიტაცეს და რუსეთში იძულებით დააბრუნეს. ილკინ მელიკოვი, რომელსაც, პუტინის რეჟიმი ტერორიზმისს ბრალდებით ასამართლებს, დუმილს ციხიდან არღვევს. მელიკოვი რუსული დამოუკიდებელი მედიის "ინსაიდერის" ჟურნალისტებს უმტკიცებს, რომ წლების განმავლობაში მას პუტინის პოლიცია სცემდა და ნარკოტიკების „ჩადებით“ ემუქრებოდა. რეჟიმს გამოქცეულს კი თბილისის ცენტრში სამოქალაქო ფორმიანმა მამაკაცებმა მიაგნეს და გაიტაცეს, თან ისე, რომ ვერავინ ვერაფერი გაიგო. მელიკოვი ამტკიცებს, რომ საზღვარი იძულებით გადააკვეთინეს, შემდეგ კი იზოლატორიდან იზოლატორში გადაჰყავდათ.