სასამართლო კლანის კიდევ ერთი წევრი, რომელიც ვეტინგის წინააღმდეგია - რას წერს სერგო მეთოფიშვილი
სასამართლო კლანის კიდევ ერთი წევრი, რომელიც ვეტინგის წინააღმდეგია - სერგო მეთოფიშვილმა დღეს ის მოსამართლეები გააკრიტიკა, ვინც მომხრეა, მართლმსაჯულების სისტემაში დასაქმებულების კეთილსინდისიერება და პატიოსნება შემოწმდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს, რომ ვეტინგის სისტემის შემოღება საფთხის შემცველია. თუ მეთოფიშვილს დავუჯერებთ, ამით სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის ხელყოფა მოხდება. გარდა ამისა, სერგო მეთოფიშვილი, რომელსაც, წესით, ვეტინგი უნდა შეეხოს, მიმოიხილავს ალბანეთსა და უკრაინაში შემოწმების შედეგებს და ასკვნის, რომ პროცედურამ ორივე ქვეყანაში კრიზისი შექმნა.
ა) აღნიშნული რამდენიმე მოსამართლე ემხრობა – ე.წ. ვეტინგი გავრცელდეს მათ 57 კოლეგაზე; ამით ისინი ავტომატურად ეთანხმებიან მოსაზრებას, რომ ამ 57 მოსამართლის არაკეთილსინდისიერება მინიმუმ საეჭვოა და გადამოწმებას ექვემდებარება უცხოელების მიერ. ეს პოზიცია უკვე არის უკიდურესად არაკოლეგიალური და პროფესიული ღირსების შემლახავი.
ბ) აღნიშნული რამდენიმე მოსამართლე ამ განცხადებით მწვანე შუქს უნთებს ე.წ. ვეტინგის გავრცელებას – არამარტო ჯერჯერობით უცხოელების მიერ სუბიექტური ნიშნით მიზანში ამოღებულ 57 მოსამართლეზე, არამედ მიესალმება ამ პროცედურის დაწყებას მთელი სასამართლო სისტემის მიმართ, ვითომ თავიანთი პირადი მზაობის მოშველიებით, რისი არავითარი საფუძველი, ე.წ. ვეტინგის თავგადადებულ მომხრეებისა და ინიციატორების მიერ გაჟღერებული მოსაზრებების მიხედვითაც კი, ფორმალურად არ არსებობს! ანუ, ეს მოსამართლეები ერთის მხრივ მათი კოლეგების გადამოწმების მოთხოვნას მიესალამებიან, ხოლო მეორეს მხრივ ითხოვენ იმაზე მეტს, ვიდრე ეს მოითხოვეს სასამართლო სისტემის მიმართ საკუთარი ტენდენციურობით გამორჩეულმა სუბიექტებმაც კი და შესაბამისად მთელი სასამართლო კორპუსის, უცხოელების ვეტინგის „წნეხის“ ქვეშ გატარებას მოითხოვენ.
ცნობილია, რომ ე.წ. ვეტინგის პროცედურით მოსამართლეები უნდა შემოწმდნენ მათი ,,ქონების, პროფესიონალიზმისა და პიროვნულ-პროფესიული წესიერების“ მიხედვით. ამდენად, საუბარია არა მხოლოდ ქონებრივი მდგომარეობის შესწავლაზე; შემოწმება მოიცავს ასევე სამოსამართლო საქმიანობის სხვა ასპექტებსაც კვალიფიციურობის, მოწესრიგებულობის გადამოწმებას (მათ შორის – საქმეთა განხილვისას საპროცესო ვადების დაცვის საკითხებსაც!), რის შედეგადაც, საქართველოს სასამართლო სისტემაში არსებულ საქმეთა სიმრავლის პირობებში, საკმაოდ ადვილი იქნება – ნებისმიერ, ე.წ. ვეტინგის ჩამტარებელი სუბიექტისათვის არასასურველ მოსამართლეს შეუქმნან პრობლემები ამ თვალსაზრისით, იმის მიუხედავადაც, რომ საპროცესო ვადების დაცვა ობიექტურად არის შეუძლებელი. ე.წ. ვეტინგის ინიციატორთათვის და განმახორციელებელთათვისაც ობიექტურობა ხომ მეასეხარისხოვანია, მთავარია – მიღწეულ იქნეს სასამართლოს ხელისუფლების დაშინების, მასზე ანგარიშსწორების და დამორჩილების მიზანი, რაც მიიღწევა მოსამართლეთა მასობრივი წმენდის განხორციელებით.
საყურადღებოა კიდევ ერთი ფაქტი: უზენაესი სასამართლოს სწორედ ზემოთ ხსენებული 2 მოსამართლის (ბაქაქურის, გასიტაშვილის) მიმართ გაიცა აშშ-ის საელჩოსგანაც და ევროპული სტრუქტურებისგანაც უპრეცედენტო, კონსტიტუციის საწინააღმდეგო რეკომენდაცია მათი თანამდებობებზე ყოველგვარი კონკურსის გარეშე პირდაპირ უვადოდ გადანიშვნის თაობაზე, მაშინ როდესაც იმავე აშშ-ს და ევროსტრუქტურების მოთხოვნით საქართველში დაინერგა აქამდე უპრეცედენტო, უმაღლესი სტანდარტის ურთულესი პროცედურა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების გასამწესებლად. ასევე საგულისხმოა ის ფაქტი,რომ როგორც უკვე აღინიშნა, უზენაესი სასამართლოს ყველა დანარჩენი მოსამართლისგან განსხვავებით, ეს 2 მოსამართლე ე.წ. ვეტინგის სიაშიც არ შეიყვანეს!
კიდევ უფრო საგულისხმოა ერთი გარემოება: ნინო ბაქაქურს სამოსამართლეო 10 წლიანი ვადა ეწურება დაახლოებით 7 თვეში და შესაბამის ვაკანსიაზე ამჟამად გამოცხადებულ კონკურსში იგი აღარ ღებულობს მონაწილეობას და შესაბამისად დარჩენილი რამდენიმეთვიანი ვადის ამოწურვის შემდეგ დატოვებს თანამდებობას და რა ვეტინგზე საუბრობს საკუთარ თავთან მიმართებით, მეტად საინტერესოა?
„2025 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოში უქმდება მოსამართლეთა 3 წლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშვნა (და შესაბამისად შემდეგი წლიდან ყველა მოსამართლე უვადოდ გამწესდება საპენსიო ასაკამდე, გამოსაცდელი ვადის გარეშე) რაც აშშ-ს და ევროკავშირის კატეგორიული მოთხოვნა იყო წლების განმავლობაში, ვინაიდან მათი მოსაზრებით გამოსაცდელი ვადა ზღუდავდა მოსამართლეთა დამოუკიდებლობას. ეხლა კი იგივე სუბიექტები ითხოვენ უვადოდ დანიშნული მოსამართლეების სრულ, ხელახალ შემოწმებას, რაც თითოეულ მათგანს თავის დროზე გავლილი აქვს. ამდენად, ასე პერიოდულობით იგივე წარმატებით შეიძლება ვეტინგის მოთხოვნა როცა მავანს მოესურვება, რაც ცალსახად სასამართლო სისტემის და ინდივიდუალურ მოსამართლეთა დამოუკიდებლობის შემლახველ აშკარა მოდელს შექმნის. ამ ლოგიკით ბარემ ვეტინგის მომხრეებმა მოითხოვონ, რომ ჩაიწეროს პირდაპირ კანონში, რომ როდესაც მათ (აქაურ არასამთავრობოებს და რიგ დონორებს) მოესურვებათ სასამართლო სისტემაში ჩატარდეს ე.წ. ვეტინგი ანუ გახსნილად გამოცხადდეს „მოსამართლეებზე ნადირობის სეზონი“. და ეს ყველაფერი იმის ფონზე, როდესაც ძალიან მწარე გამოცდილება აქვს ჩვენს ქვეყანას იმ „არაოფიციალური ვეტინგის“, რომელიც სასამართლო სისტემაში 2004-2005 წლებში ჩატარდა და მოსამართლეთა დიდი უმრავლესობა განდევნილ იქნა სისტემიდან, მაშინაც სწორედ „სასამართლოს გაჯანსაღების“ ლოზუნგის საფარქვეშ.
დასასრულს, მინდა ვთქვა, რომ მე და ჩემი კოლეგების უდიდესი უმრავლესობა, მთელი ჩვენს ხელთ არსებული მექანიზმებით, ბოლომდე შევეწინააღმდეგებით ე.წ. ვეტინგის შემოღებას საქართველოში, არა იმის გამო, რომ რაიმე სახის შემოწმების გვეშინია, როგორც ამას აბსოლუტურად უსაფუძვლოდ სახავენ ჩვენი მოწინააღმდეგენი, არამედ ე.წ. ვეტინგის ზემოთ აღწერილი უკიდურესად უხეში, არალეგიტიმური ფორმის, ასევე – სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის ხელყოფის და ამით სახელმწიფოს სუვერენიტეტის შემლახავი ეფექტის გამო”, – წერს მეთოფიშვილი.