რატომ ვერ აკავებენ ძებნაში მყოფ პირებს? - რას ამბობენ დმანისის პოლიციის განყოფილებაში

22.03.24 15:21
რატომ ვერ აკავებენ ძებნაში მყოფ პირებს? - რას ამბობენ დმანისის პოლიციის განყოფილებაში

დმანისის პოლიციის განყოფილების შეფი კითხვებს გაურბის. გიორგი კავლელიშვილი ვერ ამბობს, რატომ ვერ ხდება ამ დრომდე ქალაქის ყოფილ მერზე თავდამსხმელების დაკავება. კავლელიშვილი იმალება, მისი თანამშრომლები კი თავის მართლების რეჟიმში არიან. 

დმანისის პოლიციაში კავლელიშვილის მოადგილე ამბობს, რომ დანაშაულში მხილებულ პირებს, ვისაც ადამიანის, განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავებიან, ამ დრომდე მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებენ და სამართალდამცველები სხვა ქალაქებიდანაც ეხმარებიან. 

რა დგინდება "პირველების" მიერ მოპოვებული დოკუმენტებით:

  • საჯარო რეესტრის ამონაწერებით, რომელიც "პირველებმა" მოიპოვა, ირკვევა, რომ კობა მენაბდიშვილი, პირი, რომელიც ძებნაზეა გადაცემული და რომელსაც დმანისის ყოფილ მერზე თავდასხმა და მისი ავტომობილის დაზიანება ედება ბრალად, ასევე ის ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების მუხლითაც არის ბრალდებული, თბილისში საჯარო აქტებს ახორციელებს.
  • მან ბოლოს ასეთი აქტი 18 მარტს ერთ-ერთ საჯარო რეესტრში, თბილისში, განახორციელა. საუბარია უფლებამონაცვლეობის აქტზე, რის შემდეგაც მან წყნეთში არსებული მიწის ნაკვეთი სხვას გადასცა. 
  • კიდევ ერთი დოკუმენტით, რომელიც 2023 წლის დეკემბრის თვით არის დათარიღებული, ის იმყოფებოდა თბილისში ისანში ნოტარიუსთან, სადაც მის ძმას მის მფლობელობაში არსებული შპს "მაშავერა ჰესი" დაუთმო და დირექტორობის უფლება მიანიჭა.

დმანისის ყოფილ მერი გენერალურ პროკურატურას მიმართავს. თავდასხმის მსხვერპლი ყოფილი საჯარო მოხელე ითხოვს, პოლიციამ დროულად იმოქმედოს და თავისუფლებაზე მყოფი დამნაშავეები დააკავონ. 

ასევე ითხოვენ დაიკითხოს ყველა ის სამართალდამცველი, რომლესაც ძებნაში მყოფი დამნაშავეების დაკავება დაევალათ. ყოფილი მერის უფლებადამცველებს აქვთ ეჭვი, რომ დმანისის პოლიციის უფროსი და მისი თანამშრომლები განგებ აფარებენ ხელს დამნაშავეებს.

დმანისის ყოფილ მერს, გიორგი ტატუაშვილს თავს პირველ ნოემბერს დაესხნენ და რამდენჯერმე ესროლეს. ოპოზიციონერი მომხდარში "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული პირებს - ზურაბ ოკმელაშვილსა და კობა მენაბდიშვილს ადანაშაულებს.   

მსგავსი სიახლეები