რუსული კანონის მიღებას არ დავუშვებთ - ღოღობერიძე
კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე "ოცნების" მიერ ხელახლა დაინიციირებულ რუსულ კანონს ეხმაურება - ხელოვანი სოციალურ ქსელში წერს, რომ ქართველი ხალხი მმართველ პარტიას კანონპროექტის დამტკიცების საშუალებას არ მისცემს.
კინორეჟისორი განმარტავს, რომ მოცემული ინიციატივა კითხვის ნიშნებს აჩენს არა რუსეთის, არამედ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მიმართ.
ამ კანონის მიღების მცდელობა ერთხელ უკვე იყო.
მის ახლად მიღებას არ დავუშვებთ. იმიტომ, რომ ის ეჭვქვეშ აყენებს არა ჩვენს რეალურ მტერს - რუსეთს, არამედ ჩვენს მეგობრებს - ევროპას და შეერთებულ შტატებს, რომლებიც მთელი ჩვენი დამოუკიდებლობის მანძილზე, აფინანსებენ, თან სრულიად გამჭვირვალედ, უამრავ, ხალხისთვის სასარგებლო პროგრამას.
ეს ყველაფერი ერთი წლის წინ უკვე გამოვიარეთ. იმ დროიდან საქართველოს ისტორიაში დარჩა გამარჯვების უმშვენიერესი ხატი: ქალი ევროპის დროშით ხელში, წყლის ჭავლის ქვეშ, და დროშა ფრიალებს!
ამ დროშას არ დავუშვებთ - ეს ქართველი ხალხის ნებაა", - ვკითხულობთ განცხადებაში.
რუსული კანონის მიღების მცდელობა გააპროტესტეს მუსიკისა და დრამის თეატრშიც - "საშინელი საშიშროების წინაშე ვართ სულ ყველა“ - ამ სიტყვებით დაამთავრეს სპექტაკლი „მეფე ლირი“ მუსკომედიის თეატრის მსახიობებმა, რასაც დარბაზში ოვაციები და ტაში მოჰყვა.
„ის ერთი კაცი" - ასე მოიხსენიეს მსახიობებმა ბიძინა ივანიშვილი.
უმწვავესი იყო „სუხიშვილების" შეფასებებიც "ტვ პირველთან" მათ პირდაპირ თქვეს, რომ "ეს კანონი საქართველოს აცილებს". ილიკო სუხიშვილმა "ქართული ოცნების" ხელისუფლებას "რეჟიმი" უწოდა.
სოლიდარობა აქციის მონაწილეებს საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი ქოჩორაშვილმაც გამოუცხადა - ფეხბურთელის შემდეგ კი განცხადება მისმა ოჯახმა გაავრცელა და თქვეს, რომ "პოზიცია უცვლელია".