დავას არ შევწყვეტ, პოლიციელები უნდა დაისაჯონ - მოკლული მარიკა წივწივაძის დედა

09.07.21 15:13
დავას არ შევწყვეტ, პოლიციელები უნდა დაისაჯონ  - მოკლული მარიკა წივწივაძის დედა

ილიაუნის ლექტორის, მარიკა წივწივაძის, მკვლელობის საქმეზე სატრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება ოჯახს ნაწილობრივ აკმაყოფილებს და დავის გაგრძელებას აპირებს. ამის შესახებ მოკლულის დედამ ტვ პირველს განუცხადა. თალიკო თხელიძის თქმით, უნდა დაისაჯოს ყველა ის პოლიციელი, ვინც მისი შვილის შეტყობინებაზე რეაგირება არ მოახდინა, რამაც მარიკა წივწივაძის გარდაცვალება გამოიწვია. 

ეს გადაწყვეტილება ნამდვილად არ არის საკმარისი. ჩემი ძირითადი მოთხოვნა იყო პოლიციელების დასჯა, იმ პირების, რომლებმაც ჩემი მოთხოვნა უგულებელჰყვეს და არ მიიღეს ზომები. ისინი ყველანი დღესაც თანამდებობაზე მუშაობენ. დავას არ შევწყვეტ და პოლიციელების დასჯას მოვითხოვ, ამით არ დავკმაყოფილდები - აცხადებს თალიკო თხელიძე.

ილიაუნის უნივერსიტეტის ლექტორი 2014 წელს მისმა მეუღლემ მოკლა. მკვლელობამდე მარიკა წივწივაძემ პოლიციას 10-მდე შეტყობინება გაუგზავნა, სადაც მის მიმართ განხორციელებულ ძალადობასა და ყოფილი მეუღლის მხრიდან საშიშროებაზე საუბრობდა, თუმცა სამართალდამცველებმა რეაგირება არ მოახდინეს, რაც საბოლოოდ, ლეტალური შედეგით დასრულდა.

მკვლელობის შემდეგ წივწივაძის დედამ სამართლებრივი დავა დაიწყო, რასაც შედეგად სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს  გადაწყვეტილება მოჰყვა.

თალიკო თხელიძის ინტერესებს ორგანიზაცია ,,საფარი" იცავდა. არასამთავრობო ორგანიზაციამ სტრასბურგს მიმართა, დაედგინა ადამიანის უფლებების გადაცდომები. სასამართლომ დაადგინა, რომ გარდაცვლილი ლექტორისა და მისი ოჯახის მიმართ სახელმწიფომ დააარღვია სიცოცხლის უფლებისა და დისკრიმინაციის მუხლები. ამის გამო საქართველოს სახელმწიფოს 3 თვის განმავლობაში წივწივაძის ოჯახის სასარგებლოდ 35 ათასი ევროს კომპენსაციის გადახდა დააკისრა.