პროფესორ-მასწავლებლები სტუდენტთა პოლიტიკური ნიშნით დაყოფისა და ძალადობის წინააღმდეგ პეტიციას ქმნიან

24.04.24 15:14
პროფესორ-მასწავლებლები სტუდენტთა პოლიტიკური ნიშნით დაყოფისა და ძალადობის წინააღმდეგ პეტიციას ქმნიან

სტუდენტთა პოლიტიკური ნიშნით დაყოფისა და ძალადობის წინააღმდეგ, პროფესორ-მასწავლებლები პეტიციას ავრცელებენ.

პედაგოგები გმობენ 20 აპრილს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში "ოცნების" პარტაქტივის მიერ ახალგაზრდა მომიტინგის ცემის ფაქტს და ამბობენ, რომ ხელისუფლების ქმედებები ახალგაზრდების უფლებებს არღვევს.

ჩვენ, უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები, ვგმობთ 2024 წლის 20 აპრილს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის წინააღმდეგ მიმართულ ძალადობის ფაქტს. მიგვაჩნია, რომ უნივერსიტეტის პროფესორის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და მისი თანმხლები პირების ქმედება ეწინააღმდეგება უნივერსიტეტის იდეასა და მისიას, ახალისებს ძალადობას, დაპირისპირებას და არღვევს სტუდენტის უფლებებს. დაუშვებელია პოლიტიკოსის პირადი ინტერესების დასაკმაყოფილებლად სტუდენტის ლექციაზე არდაშვება, მასზე ფიზიკური ძალადობა,  სტუდენტების დაყოფა  პოლიტიკური და სხვა ნებისმიერი ნიშნით. არავის აქვს უფლება ძალადობრივი მეთოდებით შეზღუდოს ადამიანის/სტუდენტის გამოხატვის თავისუფლება. უნივერსიტეტი უნდა იყოს თავისუფალი სივრცე, სადაც დაცული იქნება კანონიერების ფარგლებში პოზიციისა და აზრის გამოხატვის უფლება." ნათქვამია პეტიციაში.