"ლაზარე სინდისის პატიმარი იყო" - ქუჩაში გამოსული ათასობით ახალგაზრდა აქციაზე გრიგორიადისს ელოდება

24.04.24 17:22
"ლაზარე სინდისის პატიმარი იყო" - ქუჩაში გამოსული ათასობით ახალგაზრდა აქციაზე გრიგორიადისს ელოდება

ქუჩაში გამოსული ათასობით ახალგაზრდა აქციაზე ლაზარე გრიგორიადისს ელოდება - რუსული კანონის გარშემო გაერთიანებული მოქალაქეები ამბობენ, რომ 21 წლის აქტივისტის გათავისუფლებით "მარტის მოვლენების გამარჯვება საბოლოოდ გაიფორმეს".

"ის ერთი წლისა და ერთი თვის განმავლობაში ჩვენი სინდისის პატიმარი იყო" - აცხადებენ სტუდენტები და იქვე დასძენენ, რომ მარტის აქციების სიმბოლოდ ქცეული ბიჭი მიმდინარე აქციებს დამატებით მუხტს შემატებს.

შვილების თაობა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებასაც ეხმაურება და "ქართულ ოცნებას" ფართომასშტაბიან აქციებს უანონსებს.

ეს იყო დაშინების მცდელობა, მაგრამ როგორც შარშან არ შეგვშინებია არც დაკავებების და არც მათი ზეწოლის, ისე წელსაც არ გვეშინია. 350-ზე მეტზე თვლა არ იციან, მაგრამ იქ ნამდვილად დგას ათასობით გულანთებული ახალგაზრდა. სასიამოვნო ფაქტი მოხდა, ლაზარე უკვე თავისუფალია და როგორც ვიცით, ის შემოგვიერთდება ჩვენ. ეს დამატებით მუხტს შესძენს ამ აქციას, რადგან ის იყო ერთი წლისა და ერთი თვის განმავლობაში ჩვენი სინდისის პატიმარი და როგორც ბევრჯერ აღვნიშნეთ, ჩვენ გამარჯვებულები ვერ ვიქნებოდით მარტის მოვლენებით, სანამ ის ადამიანი ციხეში იყო. ამიტომ, საბოლოო გამარჯვება მარტის მოვლენების გავიფორმეთ და ახლა წლევანდელი წლის გამარჯვება გვყავს ბოლომდე მისაყვანი", - ამბობს აქტივისტი.

რეპრესიები და დაკავებების სერია დაანონსებულია - გომელაურის უწყება რუსული კანონის მოწინააღმდეგე ახალგაზრდებს აშანტაჟებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო პროტესტის მონაწილე სტუდენტებს, ფაქტობრივად, აქციების გამართვას უკრძალავს. გომელაურის უწყება ამტკიცებს, რომ აქციაზე ცოტა ხალხი დგას, ამიტომ იმ შემთხვევაში, თუ გზას გადაკეტავენ, ყველს დააკავებენ.

"იდენტიფიცირებული იქნება ყველა, ვინც შეკრებილებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებს" - წერია გავრცელებულ განცხადებაში.