გუშინდელ აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი დროებითი მოთავსების იზოლატორში რჩება - ომბუდსმენის აპარატი

29.04.24 11:14
გუშინდელ აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი დროებითი მოთავსების იზოლატორში რჩება - ომბუდსმენის აპარატი

სახალხო დამცველის აპარატი 28 აპრილის მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს - ომბუდსმენის აპარატი წერს, რომ საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი დროებითი მოთავსების იზოლატორში რჩება.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სახალხო დამცველის წარმომდგენლები მთელი ღამის განმავლობაში რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაკავებული პირების ადგილსამყოფელს ადგენდნენ.

სახალხო დამცველის წარმომადგენელმა დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორში მოინახულა ალექსი პეტრიაშვილი, რომელმაც, სახალხო დამცველის აპარატს უფლებამოსილების ფარგლებში მისი დაკავების საკითხის შესწავლა და დაკავების კადრების დაარქივებაში დახმარებას სთხოვა. უნდა აღინიშნოს, რომ გარეგნული დათვალიერებით ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებების კვალი არ ემჩნევა.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ უფლებადარღვევის შემთხვევებზე შეტყობინების მიღების მიზნით, აპარატის ცხელი ხაზი - 14 81 - მუშაობს 24 საათიან რეჟიმში," - ნათქვამია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია 28 აპრილს გაიმართა. თავდაპირველად, მოქალაქეები პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და მარშით საკანონმდებლო ორგანოსთან გადაინაცვლეს. აქციაზე სამართალდამცველებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა.