ტროტუარზე მიმათრევდნენ, მცემდნენ და წიხლებს მირტყამდნენ - აქციაზე დაკავებული ტედ ჯონასი

01.05.24 11:11
ტროტუარზე მიმათრევდნენ, მცემდნენ და წიხლებს მირტყამდნენ - აქციაზე დაკავებული ტედ ჯონასი

ამერიკელი იურისტი, ტედ ჯონასი გუშინდელ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და პროცესების ქრონოლოგიას იხსენებს.

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული სოციალურ ქსელში წერს, რომ იგი რობოკოპებმა გაიტაცეს და სამართალდამცველებმა მასზე არაერთხელ იძალადეს - "ტროტუარზე, დაახლოებით, 30 მეტრი მათრიეს, მთელი გზა მცემდნენ და წიხლებს მირტყამდნენ".

ტედ ჯონასი საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ არაპროპორციული ძალის გამოყენების შედეგად, ცხივირიდან სისხლი მოსდიოდა, ხოლო სახისა და სხეულის არეში მრავლობითი დაზიანება აღენიშნება.

როცა რობოკოპებმა უკან დაიხიეს და ხელახლა განლაგდნენ, მე გამიტაცეს. ტროტუარზე, დაახლოებით 30 მეტრი მათრიეს, მთელი გზა მცემდნენ და წიხლებს მირტყამდნენ. ისინი მაინც აგრძელებენ ცემას და წიხლების ჩარტყმას, როცა მიწაზე ვიწექი და თავის დაცვას ვცდილობდი. 20-30-ჯერ დამარტყეს. ცხვირიდან სისხლი მდიოდა, მუშტებისგან და წიხლებისგან დალურჯებები მაქვს თავზე, ყბაზე, მარჯვენა თვალის ბუდე და გარკვეულწილად მარცხნივაც. სისხლჩაქცევები მაქვს ზურგზე, იდაყვებსა და მუხლებზეც... დაახლოებით 2 საათი გავატარე პოლიციის შავ ფურგონში. მე და ორი ახალგაზრდა ბიჭი ვიყავით, რომლებიც ჩემთან ერთად დააკავეს. თუმცა, ყოველ 5 წუთში კარი იხსნებოდა და რობოკოპები ძალადობრივად ტენიდნენ მანქანაში სხვა დაკავებულებს და აგინებდნენ. სანამ იქ ვიყავი, პოლიციელები პერიოდულად სცემდნენ 2 კონკრეტულ პირს, ერთ მომენტში დაახლოებით 4 სამართალდამცავი შეიკრიბა ამ ორი ბიჭის საცემად. ფურგონში ყოფნისას ფარულად ვისარგებლე ჩემი ტელეფონით (პოლიციელებს ვუთხარი, რომ დავკარგე) და დავუკავშირდი მეგობრებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან, ნინოს (ჩემს მეუღლეს) და ეკა გიგაურს", - წერს ამერიკელი იურისტი.

ამერიკელი იურისტი იმასაც ყვება, რომ პოლიციის მანქანაში, დაახლოებით, 2 საათი გაატარა. თუმცა ამ დროის განმავლობაში, მისი თქმით, სამართალდამცავებმა მიიღეს ინფორმაცია, რომ ის ამერიკის მოქალაქე იყო, ამიტომ პოლიცია მის მიმართ მეგობრულად განეწყო და "კაი კაციც" უწოდეს.

ტედ ჯონასი გამოთქვამს ვარაუდს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და მთავრობის პირდაპირი ჩარევით გაათავისუფლეს.

"მხოლოდ ერთი რამ მინდა ვთქვა: ბრძოლა ყოველთვის ღირს. მეც საქართველოს მოქალაქე ვარ და 30 წელი ჩავდე დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მშენებლობაში ამ ლამაზ, ისტორიულ ქვეყანაში (რომ აღარაფერი ვთქვათ მისი მთებისა და ხეობების, ზღვის სანაპიროების და უდაბნოების სიყვარულის შესახებ)" - წერს ის.

ცნობისთვის, ამერიკელი იურისტი, ტედ ჯონასი 30 აპრილს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს