"არ გამოვცხადდებით აუდიტორიებში" - ბსუ-ს სტუდენტები საყოველთაო გაფიცვას უერთდებიან
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები საყოველთაო გაფიცვას უერთდებიან - ახალგაზრდები უარს ამბობენ აუდიტორიაში შესვლაზე და აკადემიურ პროცესში მონაწილეობის მიღებაზე.
შვილების თაობა ასოცირებულ პროფესორებს, ლექტორებს, კერძო თუ საჯარო უნივერსიტეტის სტუდენტებს მოუწოდებს, რომ საკუთარ საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად სასწავლო პროცესი შეაჩერონ.
მიგვაჩნია, რომ ახლა ყველაზე დიდი გაკვეთილი რუსთაველის გამზირზე ტარდება… არ შეიძლება მშვიდად ვუყურებდეთ სახელმწიფოს კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლას, ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებას, მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევას, კრიტიკულ აზრზე სასტიკი მეთოდებით გასწორებასა და მუქარის ზარებს.
ამრიგად, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი / B S U სტუდენტები ვუერთდებით ქართველი ხალხის პროტესტს და ვაცხადებთ, რომ გაფიცვის უფლების ფარგლებში არ გამოვცხადდებით აუდიტორიებში.
მოვუწოდებთ სტუდენტებს, ლექტორ-მასწავლებლებს, საჯარო მოხელეებს, ახალგაზრდებსა და ზოგადად, საქართველოს ყველა მოქალაქეს, მათ ვისაც ადარდებს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, ვინც გმობს მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევასა და მუქარის ზარებს - დადექით ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავლის, ენის, მამულის, სარწმუნოებისა და ქართველი ხალხის ერთობის სადარაჯოზე!", - ვკითხულობთ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 11 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა საგანგებო განცხადება გააკეთეს - პირველი კორპუსის ეზოში შეკრებილი ახალგაზრდები პროტესტის პერმანენტულ რეჟიმში გადადიან.
შვილების თაობა უარს ამბობს აუდიტორიებში ლექციებზე დასწრებაზე და ორშაბათიდან, რუსთაველის გამზირზე გაუჩერებელ პროტესტს აანონსებს.
"მივიღეთ გადაწყვეტილება, უარს ვამბობთ აუდიტორიებში შესვლაზე" - აცხადებენ სტუდენტები და იქვე ამატებენ, რომ 13 მაისის დილის 9 საათიდან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე უწყვეტ რეჟიმში იდგებიან.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მოწოდებას ასოცირებული პროფესორები, ნათია კუპრაშვილი და ნინო ლაპიაშვილი უერთდებიან.
ამავდროულად, ილია სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები ოფიციალურ განცხადებას ავრცელებენ. თუკი ილიაუნის სტუდენტები სასწავლო პროცესის შეჩერებას გადაწყვეტენ, ლექტორ-სემინარისტები მზად არიან, ახალგაზრდებს შეუერთდნენ. ასოცირებულმა პროფესორებმა პეტიცია შექმნეს და ხელმოწერების შეგროვება უკვე დაიწყეს.