სოსო ბერიკაშვილის ყველაზე ზარმაცი თანამშრომელი იყო - უნივერსიტეტის რექტორი
საჯაროდ ვაცხადებ, არანაირი ზარი, მუქარა, თხოვნა არ ყოფილა მისი სამსახურიდან გაშვების გამო. ის იყო ყველაზე სუსტი დეკანი კავკასიის უნივერსიტეტში და ყველაზე ზარმაცი თანამშრომელი - კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის, კახა შენგელიას მტკიცებით, ეკონომიკის სკოლის დეკანი სოსო ბერიკაშვილი "ქვეყანაში არსებულ ძალიან დაძაბულ სიტუაციას თავისი პოლიტიკური კარიერისთვის" იყენებს.
ჩემო ძვირფასო სტუდენტებო, ლექტორებო, პროფესორებო, მასწავლებლებო, ჩემო საყვარელო თანამშრომლებო,
რაც სოსო ბერიკაშვილმა დღეს იკადრა არის ღალატი ყველაფრის, სტუდენტების, უნივერსიტეტის, მისი ოჯახის, რასაც თვითონ აკეთებდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში.
მისი საქციელი არის სამარცხვინო, რადგან ამ ძალიან დაძაბულ სიტუაციას ქვეყანაში იყენებს თავისი პოლიტიკური კარიერისთვის.
საჯაროდ ვაცხადებ არანაირი ზარი, მუქარა, თხოვნა არ ყოფილა მისი სამსახურიდან გაშვების გამო. ის იყო ყველაზე სუსტი დეკანი კავკასიის უნივერსიტეტში და ყველაზე ზარმაცი თანამშრომელი. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, მასთან მქონდა რთული ურთიერთობა მხოლოდ და მხოლოდ უნივერსიტეტის გამო, ბოლოსდაბოლოს იძულებული გავხდი სამსახურიდან გამეშვა, სამწუხაროდ დაემთხვა იმ დროს, რაც მან შესანიშნავად გამოიყენა", - წერს შენგელია სოციალურ ქსელში.
სოსო ბერიკაშვილი ამბობს, რომ მას კავკასიის უნივერსიტეტი სუს-ის დავალებით დაატოვებინეს.
"29 აპრილს დილით, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ დამიბარა და მითხრა, რომ სუს-მა მოსთხოვა ჩემი გაშვება სამსახურიდან, რადგან "ბიძინას ვაგინებდი"- ამბობს ბერიკაშვილი.