ფაქტობრივად, ის წამების მსხვერპლია - დავით ქაცარავას ადვოკატებმა ინგოროყვას კლინიკა დატოვეს
დავით ქაცარავას ადვოკატებმა ამ წუთებში დატოვეს ინგოროყვას კლინიკა - ეკა ქობესაშვილი და მიშა რამიშვილი "პირველებთან" აცხადებენ, რომ ობიექტური გამოძიების მოლოდინი არ აქვთ.
უფლებადამცველები პირდაპირ ამბობენ, რომ ანტისაოკუპაციო მოძრაობის დამფუძნებელი სპეციალური დანიშნულების რაზმებმა, ფაქტობრივად, აწამეს.
"მაქსიმალურად ცდილობდნენ, რომ ზიანი და ტკივილი მიეყენებინათ" - დასძენს ქობესაშვილი და იქვე ამატებს, რომ სამოქალაქო აქტივისტზე სისხლიანი ანგარიშსწორება მხოლოდ ერთი მიზეზით, წლების განმავლობაში ივანიშვილის გუნდის რუსული პოლიტიკის მხილებისთვის განხორციელდა.
ჩვენ ვნახეთ, რომ არანაირი აუცილებლობა არ იყო აქციაზე დათო ქაცარავას დაკავებისა. ის დაკავებული იყო მხოლოდ იმიტომ, რომ არის დავით ქაცარავა. მასზე მოხდა არაერთი ფიზიკური ანგარიშსწორება. ფაქტობრივად, ის არის წამების მსხვერპლი, რადგან მას გაუსწორდნენ სასტიკად. ცდილობდნენ მაქსიმალურად, რომ მიეყენებინათ ზიანი და ტკივილი. რამდენიმე ეპიზოდად მოხდა მისი ცემის ფაქტი და შემდეგ მოხდა გადაყვანა პოლიციის დეპარტამენტში, საიდანაც ხელწერილით გაათავისუფლეს", - ამბობს ეკა ქობესაშვილი.
ადვოკატი მიშა რამიშვილი ძალოვანი უწყების წარმომადგენლების მიერ ძალის გადამეტების ფაქტს აფასებს და განმარტავს, რომ სამართალდამცველები სამართლებრივ ნორმებს ცდებიან.
უფლებადამცველი მოითხოვს, რომ თავდაპირველად, მოხდეს სასტიკ ანგარიშსწორებაში მხილებული თითოეული პირის იდენტიფიცირება და შემდეგ უკვე მათი პასუხისგებაში მიცემა.
დეტალურად ვიცი, როგორ მოხდა მისი დაკავება, როგორ აწამეს, რამდენჯერ მოხდა და რა ინტენსივობით ხორციელდებოდა მისი მიზანმიმართული ცემა, როგორ მოხდა გადაღება ყველაფრის და როგორ მოხდა გადაგზავნა. ეს არ არის დაკავება. ამას პოლიციელები არ აკეთებენ. აკეთებენ დამნაშავეები, რომლებიც აბსოლუტურად გასული არიან ყველანაირი სამართლებრივი სივრციდან", - ამბობს მიშა რამიშვილი.
ცნობისთვის, დავით ქაცარავას 14 მაისს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს გაუსწორდნენ.