"ბალდაში არსებული მდგომარეობა საშიშ ფორმებს იღებს" - ომბუდსმენის მიმართვა მინისტრს და სააგენტოს ხელმძღვანელებს
"ბალდაში არსებული მდგომარეობა საშიშ ფორმებს იღებს" - სახალხო დამცველი სოფელ ბალდაში განვითარებული მოვლენებით შეშფოთებულია. ომბუდსმენი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელებს მოუწოდებს, უახლოეს დღეებში უზრუნველყონ დაინტერესებულ საზოგადოებასთან შეხვედრა.
სახალხო დამცველი შეშფოთებულია სოფელ ბალდაში განვითარებული მოვლენებით და მიიჩნევს, რომ არსებული მდგომარეობა დღითიდღე კიდევ უფრო დაძაბულ და საშიშ ფორმებს იღებს. ამდენად, აუცილებელია, სახელმწიფომ გადადგას ყველა ქმედითი ნაბიჯი სიტუაციის განსამუხტად და კრიზისიდან გამოსვლის გზების მოსაძებნად; აღნიშნულის მისაღწევად კი პროტესტის მონაწილეებთან დიალოგსა და მედიაციას ალტერნატივა არ აქვს.
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდაში არსებული კრიზისული ვითარების, ასევე, თავად განსახილველი საკითხის განსაკუთრებული მნიშვნელობის გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელებს - გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა რესურსი და უახლოეს დღეებში უზრუნველყონ დაინტერესებულ საზოგადოებასთან შეხვედრა, მაქსიმალურად გაითვალისწინონ შეხვედრის მოსახლეობისთვის სასურველი ფორმატი და ხელი შეუწყონ ნდობაზე დაფუძნებულ და შედეგზე ორიენტირებულ დიალოგს." ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
პროკურატურამ მარტვილის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ძალადობის და მუქარის ფაქტებზე დაკავებულ სამ პირს, ძმებ ხურცილავებს, ასევე კანიონზე მშენებლობის ერთ-ერთი მოწინააღმდეგეს, ინდიკო ბჟალავას ბრალდება წარუდგინა.
შეგახსენებთ, რომ ბალდის კანიონთან დაგეგმილი მშენებლობის მოწინააღმდეგეებს თავს დაესხნენ. დაჭრილია ორი პირი - ძმები, მინდია და აჩი ბჟალავები.
თავდასხმის ბრალდებით პოლიციამ გელა და გია ხურცილავები დააკავა.
ასევე ნახეთ:
- ვინ არიან თავდამსხმელები და რა გახდა ძმების დაჭრის მიზეზი?
- დაკავებულები, სავარაუდოდ, რუსეთში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის კომპანიის თანამშრომლები არიან
- რას ამბობენ რუსეთში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის კუთვნილ კომპანიაში?
რუსეთში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის შესახებ ჟურნალისტური გამოძიება "შაბათის ეთერმა" რამდენიმე კვირის წინ ჩაატარა.