ჯაფარიძისთვის "მონის" და "მოღალატის" დაძახების გამო დაკავებული მარიამ წიწიკაშვილი განაჩენს ელოდება
დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძისთვის "მონის" და "მოღალატის" დაძახების გამო დაკავებული მარიამ წიწიკაშვილი განაჩენს ელოდება - არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის საქმეს მოსამართლე ირაკლი ჩიკაშუა განიხილავს, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას 1 ივლისს, 12:00 საათზე გამოაცხადებს.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ვიქტორ ჯაფარიძის დაკითხვის შუამდგომლობა და მხოლოდ ორი მოწმე, აეროპორტის თანამშრომელი მესაზღვრე კონტროლიორები დაიკითხნენ, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ მარიამ წიწიკაშვილი რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატს შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მოიხსენიებდა, ყვიროდა და ამით საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა.
უფროსი ინსპექტორი რევაზ ქარჩავა მოსამართლეს უმტკიცებდა, რომ მაშინ, როდესაც მოქალაქის დაკავების გადაწყვეტილება მიიღეს, ქვეყნის იმიჯზე ზრუნავდა.
მარიამ წიწიკაშვილის თქმით, კვლავ იგივე პოზიციაზე რჩება და ფიქრობს, რომ ანტიდემოკრატიული კანონის დამტკიცების შედეგად "ოცნებამ" საქართველოს ევროპული მომავალი "დაასამარა".
მე კვლავ იმ პოზიციაზე ვარ. დეპუტატებმა, რომელმაც ამ კანონს მისცეს ხმა, დაასამარეს საქართველოს ევროპული და დემოკრატიული განვითარება, თუმცა ეს ბუნებრივია, არის დროებითი. წარმოუდგენელია, რომ მე ამჟამად აქ ვიმყოფები. ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, რომ ჩემ მიმართ დევნა დაიწყებოდა და თავისუფლება აღმეკვეთებოდა. მოლოდინს რაც შეეხება, მხოლოდ იმედი შემიძლია ვიქონიო, რომ ქვეყანაში, რომლის ჰიმნშიც ყველაზე მეტი სიტყვა არის თავისუფლება, თავისუფლების გამოხატვისთვის არ დასჯიან", - ამბობს მარიამ წიწიკაშვილი.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მარიამ წიწიკაშვილმა რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს "მონა" უწოდა. მომხდარიდან მალევე მარიამ წიწიკაშვილი წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს.
საქართველოს რეფორმების ასოციაციამ მარიამ წიწიკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ წიწიკაშვილის დაკავებას ანგარიშსწორების სახე ჰქონდა.