ე.წ. კლანმა უზენაეს სასამართლოს ხელში ჩაგდების გეგმა 2019 წელს დაიწყო და ახლაც მიმდინარეობს - მწარიაშვილი

21.06.24 21:52
ე.წ. კლანმა უზენაეს სასამართლოს ხელში ჩაგდების გეგმა 2019 წელს დაიწყო და ახლაც მიმდინარეობს - მწარიაშვილი

რის გამო დააინიცირა "ქართულმა ოცნებამ" რუსული კანონი ხელმეორედ? - თბილისის ყოფილი პროკურორი, მაია მწარიაშვილი განმარტავს, რომ ანტიდემოკრატიული კანონის შემობრუნებით ივანიშვილის ხელისუფლებამ სასამართლოში გასატარებელი რეფორმების თემა დაჩრდილა.

როგორც ექს პროკურორი "პოლიტიკური ამბების" ეთერში აცხადებს, მართლმსაჯულების სისტემა მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანს სრულად აქვს მიტაცებული, რასაც მწარიაშვილის თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატად ბადრი შონიას, გოჩა ჯეირანაშვილსა და გიზო უბილავას განხილვა ადასტურებს.

"აგენტების შესახებ" კანონმა ყველა ეს თემა გადაფარა. მე მგონია, რომ იმდენად პრინციპული თემაა ხელისუფლებისთვის სათავისოდ სასამართლოს თემა და მოსამართლეთა კეთილსინდისიერების მექანიზმის არდანერგვის თემა, აწყობდათ გაცილებით უფრო სკანდალური თემების შემოტანა როგორიც "აგენტების შესახებ" კანონი იყო. მე ვერ ვხედავ ნაბიჯს იქითკენ გადადგმულს, რომ ხელისუფლება აჩვენებდეს მზადყოფნას ამ მიმართულებით, ევროკავშირის მოთხოვნების დაკმაყოფილებისკენ. გუშინდელი მოსამართლეების კანდიდატები არახალია. უზენაეს სასამართლოს ხელში ჩაგდების გეგმა სასამართლო ხელისუფლების იმ ჯგუფის მიერ, რომელსაც ჩვენ კლანს ვეძახით, დაიწყო და მიმდინარეობს 2019 წლიდან. ეს პროცესები ისე მწვავედ დაიწყო, რომ სახელისუფლებო საპარლამენტო ჯგუფის წევრებსაც კი მოუხდათ თანამდებობებიდან გადადგომა და შიდა დიდი განხეთქილებები გამოიწვია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის თემამ. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლი, არა მარტო სასამართლო ხელისუფლებაში, არამედ სახელმწიფო ხელისუფლებაში, პრაქტიკულად, ხელში ჩაიგდო იმ ჯგუფმა, რომელსაც ჩვენ კლანს ვეძახით", - ამბობს მწარიაშვილი.

ცნობისთვის, 20 ივნისს, პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს, ბადრი შონიას, გოჩა ჯეირანაშვილსა და გიზო უბილავას უსმენდნენ.