დიდი ჯახი ხარებასა და სინჯიკაშვილს შორის - მტკიცებულებების მიუხედავად, შსს გამოძიებას არ იწყებს
დიდი ჯახი ხარებასა და სინჯიკაშვილს შორის - მტკიცებულებების მიუხედავად, შსს გამოძიებას არ იწყებს. შაბათის ეთერის გუნდის ექსკლუზიური რეპორტაჟით დადასტურდა ის, რასაც ყველა უარყოფდა.
გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გაასაჯაროეს სატელეფონო ჩანაწერი, რომლითაც ირკვევა, რომ დარბევის სამმართველოს უფროსი სასტიკად არის ნაცემი და მკურნალობას კლინიკაში განაგრძობს. ამავე კლინიკაშია კიდევ ერთი სპეცრაზმელიც.
ხარებასა და გიორგი სინჯიკაშვილის არაფორმალებს შორის მომხდარი დაპირისპირების შესახებ მოპოვებული პირველი ოფიციალური დადასტურებით გაირკვა, რომ სპეცრაზმელებს სახის ძვლები და კბილები ჩაუმტვრიეს, აქვთ ტვინის შერყევაც. ყველაფერი კი რესტორანში ჩხუბით დაიწყო.
ოპოზიცია ამბობს, რომ პირდაპირი ფაქტების მიუხედავად, საქმეს ხელისუფლება არ გამოიძიებს, რადგან ხარებაც და სინჯიკაშვილიც ივანიშვილის ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანი პირები არიან და ხელშეუხებლობით სარგებლობენ.
ხარებაც არის პოლიტიკური დავალებების შემსრულებელი, ორივე ჯგუფი ივანიშვილის ხელისუფლებისთვის არის მნიშვნელოვანი, აქედან გამომდინარე, მათ ჰქონდათ ხელშეუხებლობა. ხელშეუხებლობამ მიიყვანა იმ წერტილამდე, სადაც მივიდნენ, ერთმანეთი ლამის დახოცეს. ახლა ვერ ჩაატარებენ გამოძიებას, იმიტომ, რომ ამ ადამიანებმა ძალიან ბევრი რამე იციან, ამიტომ თავიანთ თავს ხომ არ დაიჭერენ? თუ რომელიმეზე დაიწყებენ გამოძიებას, რომელიმე მათთაგანი ალაპარაკდება და უარეს დღეში ჩავარდებოდა პოლიტიკური ხელმძღვანელობა, - ამბობს ენმ-ს წევრი ლაშა ფარუვა.
"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ ივანიშვილის ხელისუფლება მსგავს კრიმინალურ დაჯგუფებებზე დგას და არცერთი მათგანის წყენინება მათ ინტერესში არ შედის.
ეს არის ომი ივანიშვილის კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის. ასეთ დაჯგუფებებზე და ამ ორ დაჯგუფებაზე დგას ივანიშვილის ხელისუფლება. რა თქმა უნდა, მის ინტერესში არ არის, რომ რომელიმე მათგანს აწყენინოს განსაკუთრებით არჩევნების წინ, შესაბამისად, ყველანაირად ცდილობს, რომ ზავი დაამყაროს ასეთ ბანდებს შორის, მათ შორის, ქურდების, სხვა კრიმინალური ავტორიტეტების გამოყენებით, - ამბობს სერგო ჩიხლაძე.