პოზნერები და გავრილოვები კარგად ჩამოდიან, ანტიპუტინისტური აქტივისტი კი არ შემოუშვეს - ქაცარავა
რუსი ბლოგერისთვის და ცნობილი აქტივისტისთვის საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის უფლების არ მიცემის უკან "ანტისაოკუპაციო მოძრაობის" ლიდერი, დავით ქაცარავა "ქართულ ოცნებას" ხედავს.
ქაცარავა დარწმუნებულია, რომ ბორის ზოლოტარევსკი ქვეყანაში მისი ანტიპუტინისტური დამოკიდებულებისა და უკრაინის მხარდასაჭერი განცხადებების გამო არ შემოუშვეს.
ბორისი და მისი მეგობრები აქტიურად იყვნენ ჩართულები ჩვენს დასახმარებლად. ვგულისხმობ იმას, რომ ძალიან ბევრს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ ოჯახების დახმარება ოკუპაციის ხაზთან. ვფიქრობ, რომ ამან გამოიწვია გაღიზიანება ამ მთავრობაში. პოზნერები, გავრილოვები, ასეთი ტიპის მტრები თავისუფლად შემოდიან და გადიან, ხოლო ბორისისნაირი ოპოზიციონერები ასე იჩაგრებიან. მორიგი მტკიცებულება მივიღეთ იმისა, რომ ეს მთავრობა არის რუსული რეჟიმის მხარდამჭერი და კრემლის დაკვეთებზე მუშაობს", - ამბობს დავით ქაცარავა.
რუსი ბლოგერი და ცნობილი აქტივისტი, ბორის ზოლოტარევსკი სასაზღვრო პოლიციის მიერ საქართველოში არ შემოშვების ფაქტს იხსენებს - ზოლოტარევსკი "პირველებთან" ინტერვიუში მოვლენათა ქრონოლოგიას ყვება და განმარტავს, თუ რა გახდა მიზეზი, რის გამოც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელს ქვეყნის საზღვარი არ გადმოაკვეთინეს.
ბორის ზოლოტარევსკი აცხადებს, რომ სომხეთიდან საქართველოში ავტობუსით ბრუნდებოდა, რა დროსაც პასპორტ კონტროლის გავლის პროცესში, მესაზღვრეებმა მისი დოკუმენტაციის გაცნობის შემდეგ, საზღვარზე ორი საათი ალოდინეს.
"რეკავდნენ ერთმანეთთან და კამერაში მაფიქსირებდნენ, რის შემდეგაც მითხრეს, რომ მე საქართველოში ვერ შევალ" - ამბობს რუსი ბლოგერი და იქვე დასძენს, რომ მიზეზის კითხვის შემდეგ ფურცელი გადაეცა, სადაც მხოლოდ სტანდარტული გრაფა იყო მონიშნული და დეტალები განმარტებული არ ყოფილა.
რუსი აქტივისტი ვარაუდობს, რომ საქართველოში მისი საქმიანობისა და ანტიპუტინისტური დამოკიდებულების გამო არ შემოუშვეს.
ბორის ზოლოტარევსკს უჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი ვლადიმერ პუტინის რეჟიმთან დაპირისპირებისა და უკრაინის მხარდასაჭერი პოზიციის გამოხატვისთვის დევნის მსხვერპლი გახდა.