რას ამტკიცებენ დმანისის ყოფილ მერზე თავდასხმისთვის დაკავებულები? - ხმაურიანი სასამართლო სხდომის დეტალები

04.07.24 20:29
რას ამტკიცებენ დმანისის ყოფილ მერზე თავდასხმისთვის დაკავებულები? - ხმაურიანი სასამართლო სხდომის დეტალები

 

დმანისის ყოფილ მერზე თავდასხმისთვის დაკავებულები ამტკიცებენ, რომ გიორგი ტატუაშვილს მათი ლიკვიდაცია ჰქონდა დაგეგმილი და ისინი აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდნენ. არადა საქმეში დევს ვიდეო რეგისტრატორის კადრებიც, სადაც ტატუაშვილზე თავდასხმაა აღბეჭდილი, თუმცა ბრალდებულების ადვოკატები ცდილობენ ახლა დამნაშავედ დაზარალებული გამოაცხადონ. 

ირწმუნებიან, რომ იარაღი, რომლითაც ტატუაშვილი თავს იცავდა, რეალურად ყოფილ მერს დაკავებულების ლიკვიდაციისთვის ჰქონდა.

დმანისის ყოფილი მერი სასამართლოში 4 საათის განმავლობაში იკითხებოდა. ბრალდებულებსაც ჰქონდათ უფლება მისთვის კითხვები დაესვათ, იყო ხმაური და რეპლიკები.

ცნობისთის, პოლიციას 7 თვე დასჭირდა იმისთვის, რომ გიორგი ტატუაშვილზე თავდამსხმელები დაეკავებინა. არადა დამალვას ბრალდებულები არც კი ცდილობდნენ. უფრო მეტიც, კობა მენაბდიშვილი იმ პერიოდში, როდესაც ოფიციალურად ძებნაში იყო, საუთარ ქონებებს იუსტიციის სახლში აფორმებდა.

რა დგინდებოდა "პირველების" მიერ მოპოვებული დოკუმენტებით:

  • საჯარო რეესტრის ამონაწერებით, რომელიც "პირველებმა" მოიპოვა, ირკვეოდა, რომ კობა მენაბდიშვილი, პირი, რომელიც ძებნაზე იყო გადაცემული და რომელსაც დმანისის ყოფილ მერზე თავდასხმა და მისი ავტომობილის დაზიანება ედება ბრალად, ასევე ის ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების მუხლითაც არის ბრალდებული, თბილისში საჯარო აქტებს ახორციელებს.
  • მან ბოლოს ასეთი აქტი 18 მარტს ერთ-ერთ საჯარო რეესტრში, თბილისში, განახორციელა. საუბარია უფლებამონაცვლეობის აქტზე, რის შემდეგაც მან წყნეთში არსებული მიწის ნაკვეთი სხვას გადასცა. 
  • კიდევ ერთი დოკუმენტით, რომელიც 2023 წლის დეკემბრის თვით არის დათარიღებული, ის იმყოფებოდა თბილისში ისანში ნოტარიუსთან, სადაც მის ძმას მის მფლობელობაში არსებული შპს "მაშავერა ჰესი" დაუთმო და დირექტორობის უფლება მიანიჭა.

საბოლოოდ კობა მენაბდიშვილი მას შემდეგ დააკავეს, რაც პოლიციაში მის წინააღმდეგ ძალადობის ფაქტზე ჩვენება მისმა ყოფილმა ცოლმა მისცა. 

დმანისის ყოფილ მერს, გიორგი ტატუაშვილს თავს პირველ ნოემბერს დაესხნენ და რამდენჯერმე ესროლეს. ოპოზიციონერი მომხდარში "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული პირებს - ზურაბ ოკმელაშვილსა და კობა მენაბდიშვილს ადანაშაულებს.   

რა ჩვენებები მოისმინა დღეს სასამართლომ  - დეტალებს, სოფო ნიაური გიყვებათ.