"შეკერილი საქმეა" - დაკავებული აქტივისტების მშობლები
პარლამენტის რკინის ჯებირის დაზიანების ბრალდებით დაკავებული ომარ ოკრიბელაშვილის და საბა მეფარიშვილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მოსამართლემ ახალგაზრდების მიმართ არაობიექტური გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ანტირუსულ აქციაზე 400-ლარიანი ჯებირის დაზიანებისთვის დაკავებულები კვლავ პატიმრობაში დატოვა.
სასამართლო პროცესის შემდეგ დაკავებულების მშობლები პირდაპირ აცხადებდნენ, რომ საქმე "შეკერილია" და "ხელისუფლება ახალგაზრდებს" სამაგალითოდ სჯის.
შეკერილია აბა, რა არის? კონსტრუქციაზე კი აღარ დავობენ იმაზე, რომ საფრთხეს წარმოადგენენ, მაგიტომ არ უშვებენ. აბა, ამდენი ხანი როგორ შეიძლება დატოვონ კიდევ საპატიმროში, - ამბობს ომარ ოკრიბელაშვილის დედა შორენა ხომერიკი.
დაკავებული საბა მეფარიშვილის დედა აღნიშნავს, რომ "ახალგაზრდებს, რომლებიც ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის იბრძიან, ხელისუფლება სჯის, ხოლო ნამდვილი კრიმინალები გარეთ დათარეშობენ".
კრიმინალები ეგენი რომ ჰგონიათ, ქვეყნის დამქცევები, კრიმინალები და ქვეყნის დამქცევები გარეთ ჰყავთ და ეგენი ვერ მოუძებნიათ და ესენი გამოჭერილები ჰყავთ. რა ვთქვა..., - ამბობს საბა მეფარიშვილის დედა შორენა როხვაძე.
ერთ-ერთი დაკავებულის მამა პირდაპირ ამბობს, რომ მისი "შვილი საქართველოს უკეთესი მომავლისთვის ბრძოლისთვის ისჯება".
მამი, მე საქართველოს ვჭირდებიო, სულ მაგას იძახდა. უნდა ვიყო გვერდში, ჩვენ რაღაც უნდა შევცვალოთო, - ამბობს ერთ-ერთი დაკავებულის მამა.
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ჯებირის დაზიანების გამო დაკავებულები 23 წლის საბა მეფარიშვილი და 19 წლის ომარ ოკრიბელაშვილი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარე დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ახალგაზრდებისთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვდა.
უფლებადამცველებს თან ჰქონდათ შინაგან საქმეთა სამინისტროში 400 ლარის გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი. (გამოძიება აქტივისტებს 400-ლარიანი ნივთის (ჯებირის) დაზიანებას ედავება).
თანხა შინაგან საქმეთა სამინისტროს ანგარიშზე არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიული კვლევების ინსტიტუტმა“ (DRI) გადარიცხა, დამადასტურებელი ცნობა კი მოსამართლეს ადვოკატებმა წარუდგინეს, თუმცა მათი შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.