ივანიშვილის სავარაუდო ლიკვიდაციის საქმე - საქალაქო სასამართლოში კონსტანტინე ჯღამაია იკითხება

25.07.24 11:31
ივანიშვილის სავარაუდო ლიკვიდაციის საქმე - საქალაქო სასამართლოში კონსტანტინე ჯღამაია იკითხება

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ვეტერანი მებრძოლის გამოკითხვა მიმდინარეობს - კონსტანტინე ჯღამაიასთან სუს-ს კითხვები ტერორიზმის ხელშეწყობის და სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე აქვს.

ვეტერანი მებრძოლის ადვოკატი, თორნიკე ჩიქოვანი "პირველებთან"  აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს არანაირი შეხება არ აქვს არცერთ საქმესთან, რომელიც ტერორიზმსა და ბიძინა ივანიშვილის შესაძლო ლიკვიდაციას უკავშირდება.

პირველ რიგში გავეცანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას, შემდეგ კონკრეტულად იმ პირების, რომლებიც დაბარებულები არიან. ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ მსგავსი ტიპის შეკითხვები იქნება და 11 საათზე არის გამოკითხვა მაგისტრ მოსამართლესთან, სადაც ველოდებით კითხვებს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი კონსტანტინე ჯღამაია მზად არის, ყველა კითხვას უპასუხოს და მას დასამალი არაფერი არ აქვს. რაც შეეხება ტერაქტის მომზადებას, ის ამბობს, რომ არავითარი კავშირი არ აქვს ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით და ამ შემთხვევაში, მზად არის, რომ მისცეს ჩვენება მაგისტრ მოსამართლეს", - ამბობს თორნიკე ჩიქოვანი.

  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, უწყებაში ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. 
  • ამასთან, ბოლო რამდენიმე დღეა, სუს-ი უკრაინაში მებრძოლებსა და ვეტერანებს გადატრიალების მუხლით გამოკითხვაზე იბარებს.
  • სუს-ის ოფიციალური განცხადების გავრცელებიდან მალევე, პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროკომისართან სატელეფონო საუბარი გაიხსენა და თქვა, რომ ოლივერ ვარჰეიმ ის სწორედ "ტერაქტთან დაკავშირებით" გააფრთხილა.