"მე უბრალოდ მეომარი ვარ" - უკრაინაში მებრძოლი მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხეს

25.07.24 14:00
"მე უბრალოდ მეომარი ვარ" - უკრაინაში მებრძოლი მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში კონსტანტინე ჯღამაიას დაკითხვა დასრულდა - როგორც ვეტერანი მებრძოლი ჟურნალისტებთან საუბრის დროს აცხადებს, მოსამართლემ კითხვები უკრაინაში ქართველი მებრძოლების შესახებ დაუსვა.

კერძოდ, შეკითხვები შეეხებოდა იმას, აქვს თუ არა კონსტანტინე ჯღამაიას კავშირი იმ ჯარისკაცებთან, რომლებიც გამოკითხვაზე უკვე დაიბარეს.

არაფერი არ ვიცოდი და რა უნდა მეთქვა. კითხვები იყო ტერორიზმზე, მაგრამ გულახდილად გავეცი პასუხები, რადგან საქმეზე არაფერი არ ვიცი. მე უბრალოდ მეომარი ვარ", - ამბობს კონსტანტინე ჯღამაია.

კონსტანტინე ჯღამაიას ადვოკატის, თორნიკე ჩიქოვანის ცნობით, კითხვები სახელმწიფო გადატრიალების საქმესაც შეეხო.

როგორც უფლებადამცველი აცხადებს, მის დაცვის ქვეშ მყოფს ბიძინა ივანიშვილის შესაძლოა ლიკვიდაციასთან დაკავშირებით პასუხები არ გაუცია, რადგან ადვოკატის თქმით, ქართველი მებრძოლი ამ საკითხზე არანაირ ინფორმაციას არ ფლობს. 

საქმის ირგვლივ საუბარი იყო, რა თქმა უნდა, ბატონი კონსტანტის ცხოვრების წესზე, იმაზე, რომ იგი უკრაინაში იბრძოდა გარკვეული პერიოდი რუსეთის წინააღმდეგ. ამ საკითხზე იყო კითხვები და იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც სუს-მა გაავრცელა კონკრეტულ პირებთან დაკავშირებით. მან სრულად მისცა ჩვენება. ცალკე რომ ვთქვათ, კონკრეტულად ამ გამოკითხვის გარეშე, რაც ვიცი, მას არავითარი კავშირი არ აქვს და არცერთ ძალოვანს არ იცნობს. ის იყო უცხოურ ლეგიონში, სადაც ქართველი მეთაური, ან ყოფილი ძალოვანი არ ყოფილა და არავითარი კავშირი არ ჰქონია მათთან", - ამბობს თორნიკე ჩიქოვანი.

  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, უწყებაში ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. 
  • ამასთან, ბოლო რამდენიმე დღეა, სუს-ი უკრაინაში მებრძოლებსა და ვეტერანებს გადატრიალების მუხლით გამოკითხვაზე იბარებს.
  • სუს-ის ოფიციალური განცხადების გავრცელებიდან მალევე, პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროკომისართან სატელეფონო საუბარი გაიხსენა და თქვა, რომ ოლივერ ვარჰეიმ ის სწორედ "ტერაქტთან დაკავშირებით" გააფრთხილა.