კახა წიქარიშვილი სასამართლოსგან განჩინებას ამ დრომდე ელოდება
კახა წიქარიშვილი სასამართლოსგან განჩინებას ამ დრომდე ელოდება.
იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ამბობს, რომ ეს საშუალებას მისცემდა, საქმის მასალებზე წვდომა მიეღო და გაიგებდა, რის საფუძველზე არ აძლევენ უფლებას დაიწყოს მუშაობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრად.
სასამართლო ოპერატიულად მოქმედებდა მაშინ, როცა მანუჩარ კაკოჩაშვილს მოთხოვნა დაუკმაყოფილა და შეაჩერა პრეზიდენტის განკაგულება, ამიტომაც წიქარიშვილს იმედი აქვს, რომ არც მის მიმართ ექნება საქმის გაჭიანურებას ადგილი სასამართლოს მხრიდან.
ფაქტია, რომ მართლმსაჯულებამ ძალიან სწრაფად იმოქმედა კაკოჩაშვილის სარჩელზე და უჩვეულოდ სწრაფად იყო მიღებული გადაწყვეტილება. ეხლა ვნახოთ, როგორ იქნება და რა ტემპებში განიხილება სასამართლოს მიერ საქმის განხილვა და იმედი მაქვს, რომ ამის საპირისპიროდ, სასამართლო არ გააჭიანურებს საქმეს იმის შუქზე, რომ ძალიან სწრაფად იქნა მიღებული პირველი გადაწყვეტილება. მე მოვითხოვ საქმეში ჩართვას და ვისარგებლებ ყველა საშუალებით, რაც არის საქმის მასალების გაცნობა, შეპასუხების წარდგენა, შემდგომ საჩივრის წარდგენა, ზემდგომ ინსტანციებში გასაჩივრება და ა.შ.", - განაცხადა წიქარიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულება თბილისის საქალაქო სასამართლომ შეაჩერა. "პირველებმა" მოიპოვა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც პრეზიდენტის ბრძანების მოქმედება შეჩერდა.
პირი, ვინც კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულების შეჩერება მოითხოვა, სავარაუდოდ, მანუჩარ კაკოჩაშვილია. ის კახა წიქარიშვილთან ერთად საბჭოს წევრის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობდა, თუმცა მას შესარჩევმა კომისიამ რეკომენდაცია არ გაუწია საბჭოს წევრად დანიშვნის მიზნით.
პრეზიდენტის მიერ საბჭოს წევრად არჩეულმა წიქარიშვილმა სასამართლოს ვერდიქტი სასამართლოში გაასაჩივრა.