"ოცნება" საფრთხედ აღიქვამს კრიტიკული მედიის ფუნქციონირებას - TI "ტვ პირველზე"
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" "ტვ პირველის" წინააღმდეგ აღსრულების პროცესის დაწყების მოთხოვნასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს და ფაქტს საგანგაშოდ მიიჩნევს.
არასამთავრობო ორგანიზაცია წერს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ "ოცნება" კრიტიკული მედიის ფუნქციონირების შეზღუდვასა და განსხვავებული ხმის ჩახშობას ცდილობს.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" საგანგაშოდ მიიჩნევს დღეს დედაქალაქის მერისა და მმართვალი პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის მიერ „ტელეკომპანია პირველის“ წინააღმდეგ სასამართლოს მიერ ერთი წლის წინ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების პროცესის დაწყების მოთხოვნას, რასაც, შესაძლოა, ტელევიზიის კუთვნილი ანგარიშების დაყადაღება მოჰყვეს.
აღსრულების დაწყების მოთხოვნა დროში ემთხვევა ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან საპარლამენტო არჩევნებს, რა დროსაც კრიტიკული მედიის ფუნქციონირება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
ეს არ არის საქართველოში კრიტიკული და დამოუკიდებელი მედიის მსგავსი დევნის პირველი შემთხვევა.
ბოლო წლების განმავლობაში, მედიისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ საჯარო ჩართულობის წინააღმდეგ სტრატეგიული (ე.წ. SLAPP) სარჩელების გააქტიურება და მათთან დაკავშირებული სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების მოთხოვნა ხელისუფლების და მმართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან, ქვეყანაში, სადაც სასამართლო მიტაცებულია და მოსამართლეთა კლანის ხელშია, დამოუკიდებელ მედიაზე კოორდინირებული შეტევების, მათი დაშინებისა და ფინანსური დასუსტების მკაფიო ილუსტრირებას წარმოადგენს.
აღნიშნულ ფაქტებს ემატება ჟურნალისტებზე ფიზიკური ანგარიშსწორებისა და დაშინების გამოუძიებელი შემთხვევები და რუსული კანონის მიღებაც, რაც ერთობლიობაში სახელისუფლებო შტოების მხრიდან მედიის დაშინების გზით სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვის საგანგაშო ფაქტს წარმოადგენს.
ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშნველოვანი საპარლამენტო არჩევნების წინ, აღნიშნული ქმედებები მიუთითებს იმაზე, რომ მმართველი პარტია საფრთხედ აღიქვამს კრიტიკული მედიის ფუნქციონირებას. იგი გააგრძელებს სხვადასხვა ხელოვნური, მათ შორის, ფინანსური ბარიერების შექმნის გზით, ხელი შეუშალოს მათ გამართულ ფუნქციონირებას. ყოველივე კი, კიდევ უფრო დაამძიმებს ჟურნალისტებისთვის ისედაც უკვე დაძაბულ გარემოს და გაართულებს მათ საქმიანობას, რაც საბოლოო ჯამში, გავლენას მოახდენს საარჩევნო გარემოს შეფასებაზე", - ვკითხულობთ განცხადებაში.
დღეს დილით თბილისის მერის ადვოკატმა მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს და სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას მოითხოვა, რომელმაც ტელეკომპანიას გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა და 15 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. დიმიტრი გაბუნიას განცხადებით, თუ მორალური ზიანის სახით დაკისრებულ თანხას "ტვ პირველი" არ გადაიხდის, უძრავ-მოძრავი ქონება დაყადაღდება.
"ტვ პირველის" წინააღმდეგ პრემიერ ირაკლი კობახიძის სიძეც წავიდა. ტელეკომპანიას სააღსრულებლო დოკუმენტი ჩაბარდა.
როგორც ტელეკომპანია "პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე ამბობს, იმ შემთხვევაში თუ ტელევიზია ჯარიმას არ გადაიხდის, მაშინ ტელეკომპანიის ქონება დაყადაღდება და ერთ თვეში იძულებითი აუქციონი ჩატარდება. მელაძის განცხადებით, ტელევიზია უმძიმესი ფინანსური კრიზისის წინაშე დგას და კრიტიკული მაუწყებლობისთვის აუცილებელი ხარჯების დაფარვას "ძლივს ახერხებს".
მელაძის თქმით, ფაცაციას საქმე გერმანული ორგანიზაციის "თავისუფალი მედიის ევროპული ცენტრის" ანგარიშშიც მოხდა, სადაც "სლაპ საქმეებზე" იყო საუბარი, როდესაც ხელისუფლების მაღალჩინოსნები ჟურნალისტების წინააღდეგ სასამართლოში მათ დასაშინებლად აბსურდულ დავებს იწყებენ.
დავით ფაცაციამ "ტვ პირველს" იმ რეპორტაჟის გამო უჩივლა, სადაც ფაქტები აუდიტის მიერ ჩატარებულ კვლევას ეფუძნებოდა - ფაცაცია ბიუჯეტის ფულის არამიზნობრივ ხარჯვაში იყო მხილებული. კობახიძის სიძე თავდაპირველად ტელეკომპანიისგან, სიმბოლურად, ერთი ლარის კომპენსაციას ითხოვდა, თუმცა მოგვიანებით, 30 ათასის მიღება მოითხოვა. ორგანიზაცია GDI-ის ცნობით, რომელიც „ტვ პირველის” ინტერესებს იცავს, დავით ფაცაციამ კითხვაზე, თუ რატომ გადაწყვიტა მოთხოვნის გაზრდა, სასამართლო პროცესზე ღიად განაცხადა, რომ ამით მას სურდა მედია და ჟურნალისტები გაკეთებული განცხადებებისთვის დაესაჯა.