სისხლიანი ანგარიშსწორება ატენში - პროკურატურამ ერთ პირს ბრალი წარუდგინა

01.08.24 14:21
სისხლიანი ანგარიშსწორება ატენში - პროკურატურამ ერთ პირს ბრალი წარუდგინა

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა.

უწყების ცნობით, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ 29 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორმა დაზარალებულს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბრალდებული 31 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის) წარედგინა.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის მიზნით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დაპირისპირება ატენში - "პირველებისთვის" ახალი დეტალები ხდება ცნობილი. "ტვ პირველის" კორესპონდენტის ცნობით, დაკავებული შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი, დიმიტრი რევაზაშვილია, რომელიც თანასოფლელს სასტიკად გაუსწორდა.

თუ რა გახდა ანგარიშსწორების მიზეზი უცნობია, თუმცა ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ ჩხუბში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის რამდენიმე თანამშრომელი ჯგუფურად მონაწილეობდა. 

როგორც მეზობლები "პირველებს" ეუბნებიან, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ზვიად ხარაზიშვილის გარემოცვის წარმომადგენელმა თანასოფლელი ცემა.

ადგილობრივების თქმით, დიმიტრი რევაზაშვილი ყოველი ქეიფის შემდეგ ახალგაზრდებს ავიწროებდა და მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.