"ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე არიან გადასულები" - ტრანსნაციონალურ დანაშაულში მხილებული ბექა ცირეკიძე
ტრანსნაციონალურ დანაშაულში ბრალდებული ბექა ცირეკიძე, რომელიც სასჯელს ესტონეთის ციხეში იხდის, "პირველებს" დაუკავშირდა - საუკუნის ძარცვის სახელით ცნობილ საქმეში ბრალდებული საქართველოს პროკურორებსა და გამომძიებლებს ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ადანაშაულებს.
როგორც ბექა ცირეკიძე "პირველებთან" საუბარში აცხადებს, პროკურატურის წარმომადგენლები, კერძოდ, ვაჟა გამეზარდაშვილი მისი შვილების ფსიქოლოგიურად გატეხას ცდილობს.
ისევ და ისევ, ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე არიან გადასულები არა მარტო ქრისტინესა და მათეს მიმართ, არამედ გარშემომყოფ ყველა ადამიანის მიმართ, ვისზეც ხელი მიუწვდება პროკურატურას. ვაჟა გამეზარდაშვილი ხმამაღლა და ყოველგვარი მორიდების გარეშე აკეთებს უტიფარ განცხადებებს. მე შენ მოგისჯი ორ წელიწადს, მე შენ მოგისჯი ოთხ წელიწადს. პროკურატურა არ უსჯის, სასამართლომ უნდა გამოიტანოს განაჩენი. ვაჟა გამეზარდაშვილი კი თავად ამბობს, რომ ამდენს მიუსჯის სასამართლო. ჩემს ორივე შვილს ყურში ჩასჩურჩულეს, რომ იქნებ მასთან გავიდეთ, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს, მუშაობს და ეხმარება ოჯახს. უნდა, რომ ფსიქოლოგიური ზეწოლა განახორციელოს. ქალი, რომელთანაც არ მაქვს საერთოდ ბოლო 15 წელიწადია, რა შუაში იყო, ჩემი ყოფილი ცოლი ჩემი სახლიდან ამოღებულ წიგნებზე ხელის მოსაწერად რომ დაიბარა. ეძებდა მიზეზს, რომ როგორმე გასაუბრებოდა", - ამბობს ბექა ცირეკიძე.
წიგნების ძარცვის საუკუნის საქმე და ტრანსნაციონალურ დანაშაულში ბრალდებული ქართველები - ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში გახმაურებულ საქმეზე განხილვა მიმდინარეობს.
ბრალდებულები, რომელთაც აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული, დუმილის უფლებას იყენებენ. ერთადერთი ბრალდებული, რომელიც გირაოს საფუძველზე თავისუფლებაზე იმყოფება, ანა გოგოლაძეა, რომელსაც მედიასთან კომუნიკაციის სურვილი არ აქვს.
შეგახსენებთ, რომ საუკუნის საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტური გამოძიება "შაბათის ეთერმა" ჩაატარა. "ტვ პირველმა" იპოვა და ექსკლუზიურად ჩაწერა კაცი, რომელიც პუტინის საყვარელი ავტორების უნიკალური წიგნების მოპარვაშია ბრალდებული. ბექა ცირეკიძე, რომელიც ახლა ესტონეთის ციხეშია, ამტკიცებდა, რომ დანაშაული მას არ ჩაუდენია. დაკავებულის მტკიცებით, საქმეში მისი ქალიშვილი, ქრისტინე ცირეკიძე ციხეში მხოლოდ იმიტომ ჩასვეს, რომ პროკურატურისთვის ცრუ ჩვენება მიეცა.