"არავინ დაიჯერებს, რომ სახლში ტროტილი ჰქონდათ" - ჭითანავა დე ფაქტო აფხაზეთის მიერ ქართველების დაკავებაზე

21.08.24 13:40
"არავინ დაიჯერებს, რომ სახლში ტროტილი ჰქონდათ" - ჭითანავა დე ფაქტო აფხაზეთის მიერ ქართველების დაკავებაზე

დე ფაქტო აფხაზეთის მიერ ქართველების დაკავება - მოძრაობა “აფხაზეთისთვის” წარმომადგენელი, კობა ჭითანავა ამბობს, რომ  ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრალდება ძმები ჭითანავების წინააღმდედ შეთითხნილია, რადგან მათ არ შეიძლებოდა სახლში "ტროტილი" ჰქონოდათ.

ჭითანავას თქმით, ე.წ. ხელისუფლება აფხაზეთის მოსახლეობას ატერორებს და ამ შემთხვევაში ის არის პრობლემა, რომ საქართველოს ხელისუფლებაა უსუსური.

არავინ არ დაიჯერებს იმას, რომ იქ წესიერი, მშრომელი ადამიანი, იქ ვინებიც არიან ჩვენები, იქ სახლში ტროტილი ჰქონოდათ კილონახევარი და რარაცა. ფაქტია, რომ ეს ყველაფერი დადგმულია და უნიჭოდ დადგმული. ამას შეიძლება დავარქვათ ტერორი, საოკუპაციო რეჟიმის მიერ ჩატარებული ტერორი. ისინი ატერორებენ გალის მოსახლეობას და არა მარტო გალის მოსახლეობას. ჩვენი ხელისუფალია უსუსური და ეგ არის პრობლემა ძირითად შემთხვევაში, თორე ის კი არ არის პრობლემა და დანაშაული, რომ ისინი მდინარით გადადიან. ჩვენი ტერიტორიაა და უნდათ მდინარით გადავლენ, უნდათ ხიდით გადავლენ", - განაცხადა კობა ჭითანავამ.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს ორი მოქალაქე, სოფელ ოტობაიაში მცხოვრები მურთაზ და რუსლან ჭითანავები დააკავა. დე ფაქტო უწყების ცნობით, საქართველოს ორი მოქალაქე ე.წ საზღვრის კვეთაში სხვებს დახმარებას უწევდნენ.

მათ 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა უკვე მიუსაჯეს. ისინი სოხუმის იზოლატორში არიან გადაყვანილები.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი და აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნული პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიზნით.