"რუსული კანონის" აღმასრულებლები - რას ამბობენ მესამე სექტორის წარმომადგენლები

21.08.24 17:44
"რუსული კანონის" აღმასრულებლები - რას ამბობენ მესამე სექტორის წარმომადგენლები

“კომიკური და ტრაგიკული“ - სწორედ ასე აფასებენ მესამე სექტორში გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ენჯეოების მაკონტროლებელი ყოფილი “ენჯეოშნიკი“ უნდა გახდეს. სანდრო კირვალიძემ ახალ თანამდებობაზე მუშაობა, სავარაუდოდ, უკვე დაიწყო. ახლა მას ევალება იმ ორგანიზაციების გაკონტროლება, ვისაც ე. წ. აგენტების რეესტრში რეგისტრაციის გავლას აიძულებენ.

საინტერესოა, ამავე რეესტრში მოხვდება თუ არა ის ორგანიზაცია, რომელშიც საჯარო მოხელე ირიცხებოდა. კირვალიძე ამტკიცებს, რომ ეს ორგანიზაცია აღარ ფუნქციონირებს, თუმცა საპირისპიროს ამბობს აზერბაიჯანთა კავშირი რეფორმების და განვითარების ხელშეწყობისთვის ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

ფახრად მუსაევის თქმით, ორგანიზაცია მოქმედია, თუმცა არანაირი დაფინანსება არ აქვს.

ორგანიზაცია, მაგრამ არანაირი ფინანსირება არ არის. სანდრო ამოეწერა ჩვენი ორგანიზაციიდან, რადგან პირადი სააქმეების გამო,  მას ფიზიკურად დრო არ ჰქონდა,“- ამბობს ის.

მესამე სექტორის წარმომადგენლები მიჩნევენ, რომ კირვალიძე ყველაზე ცუდ პოზიციაზე დაინიშნა და შავ საქმეს მოეჭიდა, რაც მისი მომავალი განვითარებისთვის ცუდია.

გარკვეულწილად კომიკური და ტრაგიკულია, როდესაც ჩვენი კოლეგა ამ სამსახურის ხელმძღვანელია, ეს პრაქტიკა ხშირად გვხვდება, ჩვენ ვიცით პარლამენტარები, თავმჯდომარეც, რომელიც ჩვენი ყოფილი კოლეგაა. პრობლემაა, როდესაც სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია აქვს დასახული მიზნად ჩვენს ხელისუფლებას, სამოქალაქო სექტორის გარეშე დემოკრატიული ქვეყნის და საზოგადოების განვითარება შეუძლებელია, და ის საბჭოური და ტოტალიტარული მიდგომა, რაც  აქვს ჩვენს ხელისუფლებას ნამდვილად არ გამოვა“,- ამბობს გიორგი კლდიაშვილი, “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ არმასრულებელი დირექტორი.

კარიერულ ინტერესებს უკავშირებს კირვალიძის ამ გადაწყვეტილებას “სოციალური სამართლიანობის ცენტის“ წარმომადგენელი და მიიჩნევს, რომ მას მომავალში საკუთარი თავის განვითარება ძალიან გაუჭირდება.

კომიკურია ეს კონტექსტი, რომელიც ამ ადამიანის ცხოვრებაში ჩანს, ის დაინიშნა იმ დეპარტამენტში, რომელმაც პრინციპში, უნდა გააკონტროლოს, შეავიწროვოს და დასაჯოს, დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, რომლებიც დიდი ხანია, ამ ქვეყანაში იბრძვიან დემოკრატიისთვის და ადამიანის უფლებებისთვის. როგორც ჩანს, მას აქვს საკუთარი კარიერული ინტერესები და დაინიშნა ყველაზე ცუდ პოზიციაზე. ის აი, ამ რეპრესიული, ანტიევროპული კანონის მტავარი აღმასრულებელი გახდა, მას მომავალში ძალიან გაუჭირდება საკუთარი განვითრება, რადგან ყველაზე ცუდ და შავ საქმეს მოეჭიდა“, - აცხადებს თამთა მელაძე.

შეგახსენებთ, რომ  რუსული კანონის აღსასრულებლად შექმნილ დეპარტამენტს სანდრო კირვალიძე უხელმძღვანელებს.

ახალი დეპარტამენტი ორ სამსახურს მოიცავს - ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტის რეგისტრაციის სამსახური, რომელსაც თინათინ ღუღუნიშვილი უხელმძღვანელებს, მეორე კი ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტის დეკლარირების მონიტორინგის სამსახური, რომლის ხელმძღვანელიც ირაკლი კერვალიშვილი იქნება.

5 აგვისტოს ქართულმა ოცნებამ იუსტიციის სამინისტრომ რუსული კანონის ფარგლებში ორგანიზაციების დასარეგისტრირებლად განკუთვნილი რეესტრის ვებგვერდი აამოქმედა.