ნარიმანის მრევლის ორი წევრის დაჭრის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარედგინა

26.08.24 17:51
ნარიმანის მრევლის ორი წევრის დაჭრის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ, ნარიმანის მრევლის ორი წევრის დაჭრის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა.

უწყების ცნობით, ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 24 აგვისტოს,  თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში ბრალდებულმა დანით ორ პირს დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედების შედეგად ერთ-ერთმა დაზარალებულმა სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიიღო. დროული და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შედეგად მისი გადარჩენა მოხერხდა.  რაც შეეხება მეორე დაზარალებულს, მან ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო და სათანადო სამედიცინო დახმარება გაეწია. 

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და  120-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.   

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით  პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“,- აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

სისხლიანი ანგარიშსწორება ფონიჭალაში 24 აგვისტოს მოხდა - გავრცელებული ინფორმაციით, 19 წლის ბრალდებულმა, რომელიც შენიღბული იყო და ზამთრის ტანსაცმლით გადაადგილდებოდა, ორ მოქალაქეს, 21 წლის ბიჭს არტერიაში, ხოლო 21 წლის გოგოს ენაში დანა ჩაარტყა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. 

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები 8 საათს გაგრძელდა, რის შედეგადაც თავდამსხმელი ცხელ კვალზე დააკავეს.