სასამართლომ "ტვ პირველი", "მთავარი არხი" და "ფორმულა" 5 ათასი ლარით დააჯარიმა

11.10.24 18:01
სასამართლომ "ტვ პირველი", "მთავარი არხი" და "ფორმულა" 5 ათასი ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ "ქართული ოცნების" სარჩელი დააკმაყოფილა - მოსამართლემ "ტვ პირველს", "მთავარ არხს" და "ფორმულას" 5 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. 

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა. მოსამართლემ კრიტიკულ მედიებს ეთერში მმართველი პარტიის რუსული პროპაგანდისტული, მანიპულაციური და არაეთიკური ვიდეო რგოლის გაშვება დაავალა, სადაც უკრაინაში რუსეთის მიერ დაბომბილი შენობების ფოტოები და კადრებია გამოყენებული.

შეგახსნებთ, რომ იქამდე, სანამ "ქართული ოცნების" სარჩელს თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილავდნენ, მანამდე სარჩელი კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში განიხილეს. "ტვ პირველი" "მთავარი არხი" და "ფორმულა" მარეგულირებელმა კომისიამ სამართალდამრღვევად ცნო.

ცნობისთვის, "ტვ-პირველმა" "მთავარმა არხმა" და "ფორმულამ" რამდენიმე დღის წინ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს - ტელევიზიები ხაზგასმით აცხადებენ, რომ მიუხედავად ხელისუფლებისგან დაკისრებული ჯარიმებისა, რაც კრიტიკული არხებისთვის მძიმეა, მაინც არ აპირებენ, სარეკლამო რგოლების ეთერში განთავსებას.