მხარს ვუჭერთ ბსუ-ს სტუდენტების ბრძოლას მოპარული ხმისთვის – „ილიაუნის“ სტუდენტური მოძრაობა
ილიაუნის სტუდენტური მოძრაობა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ დაწყებულ პროტესტს ეხმაურება და მხარდაჭერას უცხადებს მათ.
როგორც განცხადებაში სტუდენტები აღნიშნავენ, ისინი აპირებენ მონაწილოების მიღებას ყველა მშვიდობიან აქციასა და მსვლელობაში.
შევახსენებთ ბსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დეკანს, რომ ჩვენი, სტუდენტების, არათუ უფლება, მოვალეობაა სამშობლოს სამსახურში დგომა, რომ ვერავინ შეძლებს ჩვენი ხმის ჩახშობას ვერც უნივერსიტეტებში და ვერც უნივერსიტეტებს მიღმა! დღეს ჩვენც ჩვენი ხმების, სამშობლოს, თავისუფლებისა და ევროპული მომავლის გუშაგები ვართ!
მოგიწოდებთ ერთიანობისკენ! ჩვენ, სტუდენტები, როგორც საქართველოს აქტიური მოქალაქეები და დამკვირვებლები, რომლებიც თავადვე შევესწარით, როგორ ყალბდებოდა საქართველოს არჩევანი, მონაწილეობას მივიღებთ ყველა მშვიდობიან აქციასა და მსვლელობაში, რათა დავიბრუნოთ ჩვენი ხმა და ევროპული მომავალი”, – ნათქვამია ილიაუნის სტუდენტური მოძრაობის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროტესტია. ბსუ-ს სტუდენტები უნივერსიტეტში შეიკრიბნენ და ახალი მოძრაობა - „გუშაგები“ დააფუძნეს.
ისინი აცხადებენ, რომ „ბრძოლა გრძელდება“ და არ აპირებენ შეეგუონ არჩევნების გაყალბებას.
დღის პირველ ნახევარში ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის ფოიეში ადგილი ჰქონდა დაპირისპირებასაც - იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ლევან ჯაყელი იმ სტუდენტებს დაუპირისპირდა, რომლებიც სტუდენტებს პროტესტისკენ მოუწოდებდნენ.