"აქ დგომა უფრო მეტია, ვიდრე აუდიტორიაში ჩატარებული ლექცია" - პროფესორები საპროტესტო აქციას უერთდებიან

15.11.24 20:28
"აქ დგომა უფრო მეტია, ვიდრე აუდიტორიაში ჩატარებული ლექცია" - პროფესორები საპროტესტო აქციას უერთდებიან

საპროტესტო აქციას პროფესორებიც უერთდებიან - ამ წუთებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად ამავე უნივერსიტეტის ლექტორიც დგას.

როგორც ასოცირებული პროფესორი "პირველებთან" საუბრის დროს აცხადებს, "დღეს აქ დგომა უფრო მეტია, ვიდრე აუდიტორიაში ჩატარებული ლექციები".

პროფესორი ვარ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის. ჩვენი საქმე არის სწავლება, ახალგაზრდა თაობის აღზრდა, მაგრამ ჩემი აზრით, აქ დგომა დღეს უფრო მეტია, ვიდრე ყველა აუდიტორიაში ჩატარებული ლექცია. ამიტომაც მოვედით. უკვე აღარ შეიძლება ამის მოთმენა. წავიდა ჩვენი ცხოვრება და წავა ჩვენი შვილების ცხოვრება ამასობაში, სიყალბეში. არ გვინდა, რომ ეს მოვითმინოთ მეტი. არ გვინდა, რომ ძაღლს საბაკა ერქვას. უნდა დამთავრდეს ეს დრო", - ამბობს პროფესორი. 

თბილისში პროტესტმა იფეთქა. დედაქალაქის ქუჩებში რამდენიმე საპროტესტო კერა არსებობს. თავდაპირველად, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან ჯგუფ "დაიტოვეს" მიერ ორგანიზებული მსვლელობა დაიწყო, რომელიც თსუ-ის მიმართულებით დაიძრა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა. ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები სტუდენტებსა და ლექტორებს შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ. 

პარალელურად, პროტესტის ერთ-ერთი კერა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტია. ახალგაზრდები ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს მხარდაჭერას უცხადებენ, არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ და სოლიდარობის ნიშნით უნივერსიტეტში ღამის გათენებას გეგმავენ. 

შეგახსენებთ, რომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტები უნივერსიტეტში შეიკრიბნენ და ახალი მოძრაობა - "გუშაგები" დააფუძნეს. ისინი აცხადებენ, რომ "ბრძოლა გრძელდება" და არ აპირებენ შეეგუონ არჩევნების გაყალბებას.

გუშინ, 14 ნოემბერს, დღის პირველ ნახევარში ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის ფოიეში ადგილი ჰქონდა დაპირისპირებასაც - იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ლევან ჯაყელი იმ სტუდენტებს დაუპირისპირდა, რომლებიც სტუდენტებს პროტესტისკენ მოუწოდებდნენ.