მოსამართლე ცეკვავამ 9-ვე მომიტინგე, ვინც გაყალბებულ არჩევნებს ქუჩიდან აპროტესტებდა, 500-500 ლარით დააჯარიმა
მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 9-ვე მომიტინგე, ვინც გაყალბებულ არჩევნებს ქუჩიდან აპროტესტებდა, 500-500 ლარით დააჯარიმა.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევისთვის დაჯარიმებულები არიან:
- ლაშა ფარულავა
- ნიკოლოზ კუჭუხიძე
- ნოდარ ჩიკვილაძე
- ნონა კიურეგიანი
- თინათინ მესხი
- ბანიამინ კასიმოვი
- ვახტანგი მაღრაძე
- არჩილ მუსელიანცი
- სოფიკო ბერულავა
დაკავებულების ადვოკატის, ნესტან ლონდარიძის განმარტებით, გადაწყვეტილება უსამართლოა და მას გაასაჩივრებენ.
„შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება ერთ-ერთი მთავარი უფლებაა, დღეს კი მივიღეთ, რომ ამ უფლებით სარგებლობას არამხოლოდ გვიზღუდავენ, არამედ უნდათ, რომ მსუსხავი ეფექტი ჰქონდეს გადაწყვეტილებას. ეს გადაწყვეტილება ნამდვილად არ არის მტკიცებულებებზე დაყრდნობილი. პროცესის დასრულების შემდეგ, ერთ-ერთმა ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა, ასეთი დამცირებული არასდროს ვყოფილვარო. იცით რატომ? ესენი მართალი ადამიანები არიან, რომლებიც ქვეყნის მომავლისთვის იბრძვიან. წარმოდგენილი ვიდეოკადრები ტელევიზიით გაშვებული სიუჟეტებია, რომელიც ნაწყვეტებია და რეალურ სურათს არ ასახავს. რადგან პირი აქციაზე იმყოფებოდა, დადგენილად მიიჩნევენ, რომ მან კანონი დაარღვია. ამას თავისი მტკიცებულებების წარმოდგენა სჭირდება, დღევანდელი გადაწყვეტილება - ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობა და დაჯარიმება ნამდვილად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. ამას აუცილებლად გავასაჩივრებთ“, - განაცხადა ლონდარიძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს კიდევ ერთმა მოსამართლემ, ნინო ენუქიძემ ამავე ეპიზოდზე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო ნინო ლიპარტელიანიც, ისიც 500 ლარით დაჯარიმდა.
საქალაქო სასამართლოში აქტივისტების საქმის განხილვა დილიდან ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. დემონსტრანტებს ნოემბერში გამართული აქციების პერიოდში გზების გადაკეტვას ედავებიან. ერთ-ერთი პროცესიდან გააძევეს "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლაშა ფარულავა, რომელმაც ზვიად ცეკვავას შეახსენა, რომ სწორედ ის იყო მოსამართლე, რომელმაც არ დააკმაყოფილა მისი სარჩელი, ხელისუფლების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების თაობაზე და პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება მიიღო. ამის შემდეგ ფარულავა დარბაზიდან გააძევეს და წესრიგის დარღვევისთვის დამატებით 200 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.