შს სამინისტროს ძალადობრივი ქმედებების შედეგად "ტვ პირველის" კიდევ ერთი ოპერატორი, დავით ბიჭიკაშვილი დაშავდა

29.11.24 03:35
შს სამინისტროს ძალადობრივი ქმედებების შედეგად "ტვ პირველის" კიდევ ერთი ოპერატორი,  დავით ბიჭიკაშვილი დაშავდა

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალადობრივი ქმედებების შედეგად “ტვ პირველის“ კიდევ ერთი ოპერატორი, დავით ბიჭიკაშვილი დაშავდა. 

ის უკვე “ტვ პირველის“ მეოთხე თანამშრომელია, რომელიც საპროტესტო აქციაზე დაშავდა. ამ წუთებში, მას სასწრაფო დახმარების ექიმები პირველად დახმარებას უწევენ.

ბიჭიკაშვილი ჟურნალიტ ნანუკა ქაჯაიასთან ერთად მიმდინარე აქციას აშუქებდა, რა დროსაც  მის მიმართ დამიზნებით წყლის ჭავლი გამოიყენეს.

სპეცრაზმის სამიზნე გახდა "ტვ პირველის" რეპორტიორი, ნანუკა ქაჯაიაც - შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებმა ჩვენს კორესპოდენტს დამიზნებით წყლის ჭავლი მაშინ გამოიყენა

"ტვ პირველი" მომხდარზე პასუხისმგებლობას შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომლაურს აკისრებს და ამბობს, რომ მედიაზე ანგარიშსწორების მიზანი სამაუწყებლო სიგნალის გათიშვაა. 

რამდენიმე წუთის წინ, ჯგუფური თავდასხმა განხორციელდა “ტვ პირველის“ გამოძიებელ ჟურნალისტთა ოფისის ტელეოპერატორზე, გიორგი შეწირულზეც, რომელიც აქციის დროს პოლიციელების ძალადობრივ ქმედებებს იღებდა. "ტვ პირველის" თანამშრომელი სპეცრაზმმა წააქცია და ფიზიკურად გაუსწორდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალადობრივი ქმედებების შედეგად ასევე დაშავდა ტვ პირველის ჟურნალისტი, ანა მდივანი.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე "ტვ პირველის" ოპერატორი, ნიკო კოკაიაც დაშავდა, რომელიც პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.

მას ხელში ჰქონდა კამერა, რომლითაც პირდაპირ ეთერში გადასცემდა, მოვლენებს რუსთაველის გამზირიდან, ამის მიუხედავად, სპეცრაზმმა ახლო მანძილიდან, სახეში, დამიზნებით წიწაკის სპრეი შესახა.