"ქართულმა ოცნებამ" სასაკლაო მოაწყო - ქათამაძე
ათონელის რეზიდენციაში საქართველოს პრეზიდენტსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის აუდიენცია დასრულდა.
შეხვედრიდან გამოსულმა მოქალაქეებმა "პირველებთან" განაცხადეს, რომ სალომე ზურაბიშვილთან საუბარი ერთობას შეეხო და ყველამ კარგად გაიაზრა ის მოცემულობა, რომ ახლა საქართველოს ევროპული მომავალი თითოეული მოქალაქის დასაცავია.
აუდიენციის დასრულების შემდეგ, მომღერალი ნინო ქათამაძე 28-29 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ მშვიდობიან დემონსტრანტებზე განხორციელებულ ანგარიშსწორებასაც გამოეხმაურა და სპეცდანიშნულების რაზმებს მკვლელები უწოდა.
შევთანხმდით, რომ არის კრიზისი და ყველა თავის სფეროში, თავის მხრივ, შესაძლებლობებს გამოიყენებს, რომ საქართველო თავის დღის წესრიგს დაუბრუნდნენ. სასაკლაო მოაწყვეს, დასდევდნენ ახალგაზრდებს. ჟურნალისტები თავგანწირვის ფასად მუშაობენ. ვერაფერს ვერ ვიტყვი, გარდა ერთისა, რომ ესენი მკვლელები არიან", - ამბობს ნინო ქათამაძე.
ცნობისთვის, ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია იმართება. სამთავრობო კვარტალი სპეცდანიშნულების რაზმის ალყაშია. "პირველებმა" ექსკლუზიურად გადაიღო კადრები, სადაც ჩანს, რომ ჩიტაძის ქუჩაზე საპოლიციო ძალების უპრეცედენტო მობილიზებაა. ადგილზე მივიდა განსაკუთრებული სისასტიკით ცნობილი ზვიად ხარაზიშვილი.
შეგახსენებთ, პროტესტის ტალღამ გუშინ იფეთქა. თბილისში, 28 ნოემბერს, საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ „ოცნებამ" ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე აჩერებს.
აქციის მონაწილეები თბილისში სამ ლოკაციაზე - გორგასლის ქუჩაზე, "ქართული ოცნების" ოფისთან და რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ. მოგვიანებით აქცია გაერთიანდა პარლამენტის წინ, სადაც ვითარება სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის არაერთხელ დაიძაბა. დაახლოებით, ღამის 2:00 საათის შემდეგ საპოლიციო ძალებმა დემონსტრანტების გაფრთხილების შემდეგ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლა დაიწყეს.
გომელაურის უწყების ნიღბიანი თანამშრომლებმა მთელი ღამის განმავლობაში პროევროპული აქციის მონაწილეებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი არაერთხელ გამოიყენა.