23 წლის ბიჭი, რომელსაც ნიღბიანმა სპეცრაზმელებმა სახეში წიხლები ურტყეს, მძიმე დიაგნოზით კლინიკაში რჩება
23 წლის ბიჭი, რომელსაც ნიღბიანმა სპეცრაზმელებმა სახეში წიხლები ურტყეს, მძიმე დიაგნოზით კლინიკაში რჩება. ზვიად მაისაშვილს ცხვირი აქვს გატეხილი. ეტყობა სისხლჩაქცევების კვალი სახეზე და დაზიანებები ტანზე.
დილით დაახლოებით 5 საათისთვის შემოყვანილი იქნა, 23 წლის მამაკაცი, რომელსაც აღენიშნებოდა ცხვირის ძვლების ფრაგმენტული მოტეხილობა. მოხდა თაბაშირის ნახვევით და ცხვირში ტამპონაჟით მოტეხილი ფრაგმენტების ფიქსაცია. დაზიანებები არის ცხვირის ძვლის მოტეხილობა, ექსკორიაციები რბილ ქსოვილებზე, კანქვეშა სისხლ ნაჟღენთების სახის არეში. ამ წუთას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, დარჩება ორშაბათამდე მეთვალყურეობის ქვეშ. უნდა მოხდეს 14 დღის განმავლობაში თაბაშირის დატოვება, შემდგომ ყბა-სახის ქირურგი გადაწყვეტს მის მდგომარეობას'', -ამბობს ექიმი.
30 ნოემბრის დილა, 06:15 საათი - გამთენიისას სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები მოქმედებაზე გადავიდნენ - "ხარებას", ზვიად ხარაზიშვილის რაზმის წარმომადგენლები ბესიკის ქუჩიდან, მეტრო - "რუსთაველიდან" და თავისუფლების მოედნიდან ერთდროულად დაიძრნენ, მომიტინგეები ალყაში მოაქციეს და გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ.
ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, ნიღბიანებმა რამდენიმე მოქალაქე ძალის გამოყენებით დააკავეს, არიან დაშავებულები.
მას შემდეგ, რაც რუსთაველის გამზირი გაწმინდეს, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა მოქალაქეებზე ნადირობა უკვე ყველა ჩიხში და გადასასვლელში დაიწყეს. აღსანიშნავია, რომ აქცია მშვიდობიან ხასიათს ატარებდა.
შსს-ს ცნობით, გომელაურის რაზმის თანამშრომლებმა სულ 107 მომიტინგე დააკავეს.