ექსკლუზიური ინტერვიუ ზვიად მაისაშვილთან, რომელსაც სპეცრაზმელები სასტიკად გაუსწორდნენ

02.12.24 15:37
ექსკლუზიური ინტერვიუ ზვიად მაისაშვილთან, რომელსაც სპეცრაზმელები სასტიკად გაუსწორდნენ

 

 

ექსკლუზიური ინტერვიუ სპეციალური დანიშნულების რაზმების მიერ რუსთაველის გამზირზე სასტიკად ნაცემი ზვიად მაისაშვილთან, რომელმაც ინგოროყვას კლინიკა რამდენიმე წუთის წინ დატოვა.

ზვიად მაისაშვილი, რომელსაც ტვინის შერყევა აღენიშნება და ცხვირი აქვს გატეხილი, აცხადებს, რომ თავდაპირველად, ერთმა სამართალდამცველმა ძლიერად დაარტყა, რის შედეგადაც მიწაზე დაეცა. დავარდნის შემდეგ კი სპეცრაზმის ჯგუფი დაესია, რომლებიც სახისა და სხეულის არეში ფეხებს გამეტებით ურტყამდნენ.

"ხარებას" რაზმის თანამშრომლების მიერ ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი კაცი "პირველებთან" იმასაც ყვება, რომ განხორციელებული ძალადობის შედეგად, გონება დაკარგა და შემდგომ განვითარებული მოვლენები დეტალურად აღარ ახსოვს.

"გაჩერებას არ ვაპირებ" - ამბობს ზვიად მაისაშვილი ექსკლუზიურ ინტერვიუში და აღნიშნავს, რომ ორ-კვირიანი წოლითი რეჟიმის დასრულების შემდეგ, საპროტესტო აქციებს შეურთდება.

ერთი პოლიციელი შემხვდა, რომელმაც დამარტყა და დამაგდო ძირს. შემდეგ გარშემო ყველა მხრიდან პოლიციელები მირტყამდნენ. ამ მომენტში გავითიშე. კადრებში ჩანს, რომ გათიშული ვიყავი. როდესაც ვდგებოდი მიწიდან, ეგ მომენტი საერთოდ არ მახსოვს. ერთმა პოლიციელმა ქუსლი, მეორემ წიხლი ჩამარტყა.

ასეთი რამ როგორ უნდა გააკეთო, როდესაც ადამიანი ძირს გათიშულია. როცა ძირს გდია და წინააღმდეგობას ვერ გიწევს ადამიანი და შენ ფეხს ურტყამ, ასეთ ადამიანს ვეტყოდი, რომ თავისი თავი სხვა ადამიანის ადგილზე წარმოიდგინონ. არ მგონია, მათ რაიმე ეშველოთ. აქციაზე ყოველთვის დავდიოდი, ახლაც არ ვაპირებ გაჩერებას", - ამბობს ზვიად მაისაშვილი.

ცნობისთვის, 30 ნოემბერს სოციალურ ქსელში გავრცელდა უმძიმესი კადრები, რომელიც მშვიდობიანი აქციის დარბევას ასახავს - შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მშვიდობიანი აქციის მონაწილეს, ზვიად მაისაშვილს სასტიკად გაუსწორდნენ, წიხლებით შედგნენ და ქუჩაში უგონო მდგომარეობაში დატოვეს, ხოლოს მისი ძმა ჯგუფურად სცემეს, მიწაზე დააგდეს და შემდეგ დააკავეს.