კომპანიებს არ სურთ, მოძალადე სპეცრაზმელებს და პოლიციელებს აჭამონ - სამოქალაქო აქტივისტი
300 ათას ლარად დაახლოებით 35 ათასი ლანჩის ნაკრების შესყიდვაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩაშლილ ტენდერთან დაკავშირებით, სამოქალაქო აქტივისტი ბესო ლიპარტელიანი აცხადებს, რომ კომპანიებს მოძალადე სპეცრაზმელების საკვები პროდუქტებით მომარაგება არ სურთ.
ბესო ლიპარტელიანი საპოლიციო ძალების მიერ მასზე განხორციელებული თავდასხმის დეტალებს იხსენებს და ამბობს, რომ იგი ორჯერ დააკავეს, რა დროსაც კორდონში გაატარეს, სცემეს და თავი გაუტეხეს.
მიუხედავად სპეციალური დანიშნულების რაზმების მხრიდან ძალადობისა, სამოქალაქო აქტივისტი დანებებას არ აპირებს - "სვანი ვარ, სვანების მარშს შევუერთდები. ემიგრანტები მყავს ოჯახის წევრები, ემიგრანტების მარშს შევუერთდები".
ის, რომ კომპანიებს არ უნდათ, აჭამონ მოძალადე სპეცრაზმელებს და პოლიციელებს, რომლებიც იქ დგანან და მერე იტყუებიან ფიცის ქვეშ, ეს არის ჩვეულებრივი ამბავი. დამიჭირეს 19-ში, ნეკნები ახლაც მტკივა. 29-შიც დამიჭირეს, ორჯერ მცემეს, კორდონშიც გამატარეს. თავი გატეხილი მქონდა, საჭმლის ღეჭვა ახლაც მიჭირს, მაგრამ ყოველ ღამე ვცდილობ, რომ რუსთაველზე გავიდე. სვანი ვარ, სვანების მარშს შევუერთდები. ემიგრანტები მყავს ოჯახის წევრები, ემიგრანტების მარშს შევუერთდები", - ამბობს ბესო ლიპარტელიანი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ტენდერი 300 ათას ლარად დაახლოებით 35 ათასი ლანჩის ნაკრების შესყიდვაზე ჩაიშალა - ამის შესახებ ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ლანჩის ნაკრებების ტენდერი საპროტესტო აქციების პერიოდში ქუჩებში მომუშავე სამართალდამცავებისთვის 28 ნოემბერს, საქართველოში მასობრივი საპროტესტო აქციების დაწყების დღეს გამოცხადდა, თუმცა წინადადებების მიღების ვადა რამდენიმე დღის წინ ისე ამოიწურა, რომ ტენდერში მონაწილეობა არც ერთმა კომპანიამ არ მიიღო.